ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა დაურეკეს. სენატორი დარწმუნებული იყო, რომ ვიდეოზარით უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას ესაუბრებოდა.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც. ბენ კარდინმა თქვა, რომ უკმაყოფილოა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გამო და დაეთანხმა პრანკერის მოსაზრებას, რომ დასავლეთმა საქართველოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უნდა აიძულოს.
ბენ კარდინი: “ვფიქრობ, რუსეთი უყოყმანოდ შევა მოლდოვასა და საქართველოში. პოლონეთის შემთხვევაში დაფიქრდებოდა ნატოს გამო. მოლდოვასა და საქართველოში კი შევლენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თქვენ თქვენს სუვერენიტეტს ვერ დაიცავთ. თქვენი სუვერენიტეტის დაცვა ევროპის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარი გზაა. ამიტომ ვთვლი, რომ პუტინს არ უნდა ვუსმინოთ და უნდა მოგცეთ თავის დაცვის და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურების უფლება“.
პრანკერი კულება: “ვფიქრობ, საქართველო ნივთია პუტინის მაგიდაზე, ასე რომ ეს პრობლემაა ჩვენთვის“.
ბენ კარდინი: “საქართველო არასწორ გზას დაადგა. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოულოდნელად რუსეთისადმი სიმპათიით განეწყო. ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართველ ხალხს, მის მისწრაფებას დამოუკიდებლობისა, სუვერენიტეტისა და თავისუფლებისკენ, მაგრამ ტენდენცია, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, შემაშფოთებელია“.
პრანკერერი კულება: “ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება და საქართველო ზურგს გვაქცევს“.
ბენ კარდინი: “გეთანხმებით“.