05 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
დამოუკიდებლობის 34 წელი და არჩევნების ისტორია საქართველოში

2024 წელი საქართველოს ისტორიაში ბევრი რამით შევა, ერთ-ერთ თავში კი იტყვიან, რომ ეს იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც ელექტრონული წესით ჩატარდა.

ვიდრე მე-11 მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ათვლას დაიწყებდა, იყო ერთი პერიოდულად პატარა, თუმცა ისტორიულად დიდი ეპიზოდი, რომლითაც ქართული პარლამენტარიზმის 105 წლიანი ისტორია იწყება. ამბავი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში მოხდა.

26 მაისს, სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში კოალიციური მთავრობა და დამფუძნებელთა საბჭო მოქმედებდა, თუმცა დაბალი ლეგიტიმაციით, რადგან უშუალოდ ხალხის მიერ არ იყო არჩეული. შესაბამისად, მომდევნო წელს ქვეყანაში კენჭისყრის აუცილებლობა დადგა. დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს ჩატარდა, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველი დემოკრატიული წესით ჩატარებული არჩევნებია.

მაშინდელი სისტემა სრულად პროპორციული იყო, საზოგადოება საბჭოში 130 დეპუტატს ირჩევდა.

1919 წლის არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობდა, მათგან დამფუძნებელ კრებაში 4 მოხვდა : “სოციალ-დემოკრატები“ უმრავლესობით, ასევე “ეროვნულ დემოკრატები“, “სოციალ ფედერალისტები“ და “სოციალ-რევოლუციონისტები“. მთავრობას სათავეში ნოე ჟორდანია ჩაუდგა, საკანონმდებლო ორგანო კი ყოფილი მეფისნაცვლის შენობაში განლაგდა. სწორედ ამ პარლამენტში მოეწერა ხელი მანამდე მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს და მიღებულ იქნა პირველი კონსტიტუციაც, რომლის მსგავსი ევროპაშიც თუ ცოტა მოიძებნებოდა - თუმცა მან 4 დღე იარსება.

დემოკრატიის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლიდან, საქართველომ საბჭოთა არჩევნების ეპოქაში გადაინაცვლა და ქვეყანაში დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება, მხოლოდ 1990 წელს მოხერხდა.

1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველო უზენაეს საბჭოს ირჩევს და პირველ არასაბჭოთა არჩევნებს ატარებს. თუმცა, უბრძოლველად არც ეს მოსულა. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, ქართული საზოგადოება უარს ამბობს მარტში დაგეგმილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე და შესუსტებულ ცენტრალურ კომიტეტს დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებაზე ითანხმებს. მაშინ არჩევანიც ასე იდგა: კომუნისტური პარტია თუ ეროვნული მოძრაობა, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია ედგა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

პირველი მოწვევის პარლამენტი შერეული სისტემით შეივსო, 5 წლის ვადით, 250 დეპუტატითა და 4%-იანი ბარიერით. მაჟორიტარულ ოლქებში იმარჯვებდა ის, ვინც ნახევარზე მეტ ხმას აიღებდა და თუ ხმები თანაბარი იყო, უპირატესობა უფრო ასაკოვანი კანდიდატს ენიჭებოდა. საბოლოოდ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა “მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალი საქართველო“ , გამსახურდიას ბლოკმა პარლამენტში 155 ადამიანის შეყვანა შეძლო, კომუნისტურმა პარტიამ კი ხმათა 29%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. ამ პარლამენტმა მხოლოდ 2 წელი იარსება.

1992 წელს, საქართველოში ძალაუფლება “სამხედრო საბჭოს“ ხელშია, ხელისუფლებას კარგავს ზვიად გამსახურდია, საქართველო კი დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის კერაა. ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძე ჩამოდის და სწორედ ის უდგება სათავეში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს.

მისი ლეგიტიმაცია უკვე 11 ოქტომბრის არჩევნებით მყარდება, რომელიც შერეული სისტემით, ამჯერად უკვე 2 %-იანი ბარიერით, 235 დეპუტატითა და 9 მსხვილ მასშტაბიანი ოლქით ტარდება. მაშინ მაჟორიტარებისთვის 85 მანდატი იყო განსაზღვრული, 150 კი პროპორციული სიისთვის. საინტერესო იყო ბიულეტენების ნაწილიც, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ რთულად გამოიყურებოდა:

ამომრჩეველი ერთი ბიულეტენით პარტიას ირჩევდა, მეორით პარლამენტის თავმჯდომარედ ედუარდ შევარდნაძის დანიშვნა - არ დანიშვნაზე აფიქსირებდა თანხმობას ან უარს, მესამეში კი საკუთარ პარტიულ პრეფერენციებს წერდა რიცხვებით: 1, 2 და 3-ი - მისი უპირატესობების მიხედვით.

ამ პროცესის წინაპირობა ის იყო, რომ ერთი პარტიის დომინირება გამოერიცხა და საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური მონაწილეობა გაეზარდა. ასეც მოხდა, არჩევნებში 31 პარტია და 5 ბლოკი მონაწილეობდა და საბოლოოდ პარლამენტში 24 მათგანი მოხვდა. ე.წ. იმელის შენობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი გახდა, ეს მის დინამიკაზე და ტემპერამენტზეც მკვეთრად აისახა.

ცხარე კამათის მიუხედავად, მე-2 მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციის მიღება შეძლო და სწორედ ამ წესებზე დაყრდნობით ჩატარდა უკვე 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები.

მოსახლეობამ 235 დეპუტატი 4 წლის ვადით აირჩია. საარჩევნო ბარიერი მაშინ 5%-მდე გაიზარდა, სისტემა მაშინაც შერეული იყო. აქტიური საარჩევნო უფლება 18 წლის, პასიური კი 25 წლის ახალგაზრდებს განესაზღვრათ.

1995 წლის არჩევნები ისტორიას იმითაც დაამახსოვრდა, რომ მაშინ გაფანტული ხმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პრაქტიკულად ხმათა 61%-ზე მეტი მიიღეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. არჩევნებში 53 პარტია მონაწილეობდა, თუმცა 5 % იანი ბარიერი მხოლოდ 3-მა გადალახა და პარლამენტში შემდეგი კონფიგურაციით მოხვდნენ: შევარდნაძის - “მოქალაქეთა კავშირი“ -118 მანდატიანი უმრავლესობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 34 მანდატით, ასლან აბაშიძის - აღორძინება 31 მანდატით. პარლამენტში 29 დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, დანარჩენი ადგილები კი მაჟორიტარული სიიდან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეავსეს. ამ პარლამენტს ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა, თუმცა უკვე რუსთაველის 8-ში.

ეს უკვე 1999 წელია, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოზიციებს კვლავ სახელისუფლებო პარტიას იმყარებს, ლოზუნგით “სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე“ და აქცენტით სოციალურ საკითხებზე. 235-დან 132 მანდატით პარლამენტში უმრავლესობა კვლავ “მოქალაქეთა კავშირს“ ერგო. ამჯერად ბარიერი უკვე 7 %-ია და არჩევნებში 45 პარტია მონაწილეობს. ამომრჩეველი უპირატესობას კვლავ 3 პარტიას ანიჭებს - “მოქალაქეთა კავშირის“ გარდა, საკანონმდებლო ორგანოში ხვდება ასლან აბაშიძის ბლოკი “აღორძინება“, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას კი ამჯერად პარლამენტში მრეწველები ანაცვლებენ. ამომრჩევლის აქტივობა 68%-ია.

ქვეყანაში ცვლილებების დრო დგება. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების ბრალდებას “ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა, ახალი ძალა 2003 წლის არჩევნების შედეგებს აუქმებს და მოსახლეობას ვადამდელი არჩევნებისთვის ამზადებს - თუმცა მხოლოდ პროპორციული ნაწილში, მაჟორიტარული ოლქების შედეგებს არავინ შეხებია. საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის 28 მარტს ინიშნება, ესაა საქართველოს ისტორიაში უკანასკნელი არჩევნები 7 %-იანი ბარიერით. 150 კაციან პარლამენტში 135 მანდატით “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ შედიან და უმრავლესობას ინაღდებენ, მასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შედის 15 ოპოზიციონერიც ბლოკიდან “მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები“. არჩევნებში მაშინ 1 498 012 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ანუ მოსახლეობის 64%-მა.

2008 წელს, მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოში მანდატი 150 დეპუტატს მიანიჭა. ბარიერმა კი 7%-დან 5%-მდე იკლო. სისტემა კვლავ შერეული იყო 75 / 75-ზე. “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ინარჩუნებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას აგროვებს - მას საკანონმდებლო ორგანოში 119 დეპუტატი შეჰყავს. გაერთიანებული ოპოზიცია შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და მანდატებზე უარს ამბობს - მათ პარლამენტის წინ საჯაროდ ჭრის. ოპოზიციის ნაწილი მათ გადაწყვეტილებას უერთდება, ნაწილიც არა და პარლამენტში შედის.

2012 წელი - საპარლამენტო არჩევნები - ქვეყნის ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება და საქართველო დემოკრატიის ტესტს აბარებს. ქვეყნის სათავეში მოდის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოწყობაზე გადადის, რაც პარლამენტის უფლებამოსილებას ზრდის.

თავად მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, ამომრჩეველთა სიაში 3 613 851 ადამიანი იყო - კენჭისყრაში კი მონაწილეობა 61%-მა მიიღო.

არჩევნებში სულ 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა, თუმცა ბარიერის გადალახვა მხოლოდ ორმა პარტიამ შეძლო. თითქმის 55% - ით ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ ბლოკი მოვიდა, “ნაციონალური მოძრაობა“ კი 40%-ითა და 33 დეპუტატით ოპოზიციაში ინაცვლებს.

ძველი და ახალი ხელისუფლების ჭიდილი მერვე მოწვევის პარლამენტს მნიშვნელოვნად დაეტყო და ამიტომ, ამომრჩეველს ხმაურითაც დაამახსოვრა თავი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ 5%-იანი ბარიერით და შერეული სისტემით ტარდება, თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში ბარიერი იცვლება და 30%-ის ნაცვლად, 50% +1 ხდება. ხელისუფლებას კვლავ “ქართული ოცნება“ ინარჩუნებს - 114 მანდატით. მასთან ერთად ამომრჩევლის გადაწყვეტილებით პარლამენტში ხვდებიან “პატრიოტთა ალიანსის“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, სულ 36 ადამიანი. ამ უკანასკნელში მალევე ცვლილებები ხდება, ყოფილი სახელისუფლებო პარტია იშლება და ვიღებთ მეოთხე პარტიას - “ევროპული საქართველო“.

საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბარიერი გადალახეს და საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ მემარჯვენე-კონსერვატორებთან პარტია - “პატრიოტთა ალიანსი“. ბარიერს მიღმა დარჩა ამომრჩეველთა ხმების 14%-ზე მეტი. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, საპარლამენტო უმრავლესობამ სწორედ ამ მოწვევის დროს მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც სახელმწიფოს წეს-წყობილებაში მნიშვნელოვანი გარდატეხები შევიდა.

ამ დროისთვის უკვე მესამე წელია პარლამენტი დედაქალაქშია და ხალხი მე-10 მოწვევის პარლამენტის ასარჩევად ემზადება. ამჯერადაც არჩევნები შერეული სისტემით ტარდება, თუმცა მაჟორიტარული ოლქები 73-დან 30-მდე მცირდება. ბარიერი კი მინიმალური - 1 %-ია.

საარჩევნო უბნები ტრადიციულად დილის 8-დან იხსნება, საღამოს 8-ზე კი ყველამ შეიტყო, რომ პარლამენტში უმრავლესობას კვლავ “ქართული ოცნება“ ინარჩუნებს - 90 მანდატით. გასულ წლებთან შედარებით, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის პარლამენტი მრავალპარტიული ენახა, საბოლოოდ მასში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდა : “ქართული ოცნება“, “ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“, “გირჩი“, “ლელო“, “სტრატეგია აღმაშენებელი“, “მოქალაქეები“, “პატრიოტთა ალიანსი“ და “ლეიბორისტული პარტია“. ჩვენების შედეგები პოლიტიკური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ქუჩაში გააპროტესტა, მოგვიანებით კი ევროკავშირის ჩართულობით პარლამენტის ფუნქციონირება ოპოზიციის მონაწილეობით გრძელდება. პარლამენტის ბოლო მოწვევა დასამახსოვრებელი იყო პერიოდული ბოიკოტებით და ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზების უპრეცედენტო ზრდით. ასე მივიდა ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

დღის ამბები