13 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას - ირაკლი კობახიძე

"თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში - საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმე დაამტკიცებს თუ რატომ არის მიღებული კანონები ცუდი გადაწყვეტილება, თანახმა იქნება მსჯელობაზე.

"რაც შეეხება კანონებს, თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში - საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას. რეალურად, ეს არის კიდევ უფრო მძაფრი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომდინარე იქიდან, რომ იქ არაერთი მიმართულებით სამწუხარო ტენდენციები კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა.

ჩვენ თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ კანონში რაიმე არის ცუდი, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ნორმა, რომელიც არის გაწერილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში, ემსახურება სწორედ შესაბამის ინტერესებს, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს.

იგივე ეხება გამჭვირვალობის კანონს, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ენჯეო-ების გამჭვირვალობა არის ცუდი და არა პირიქით, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია დისკუსიისთვის.

თქვენ გახსოვთ, მე პირადად არაერთხელ მოვიწვიე დებატებში თუ დისკუსიაში შესაბამისი სუბიექტები. მათ შორის უცხოელი დიპლომატები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პროტესტის მონაწილეები, პოლიტიკური პარტიები. ყოველ ჯერზე ისინი ამბობდნენ ამ დისკუსიაზე უარს. რატომ? იმიტომ,რომ სინამდვილეში არაფერი აქვთ სათქმელი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვართ ღია დისკუსიისთვის. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ენჯეო-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ოჯახური ფასეულობების დაცვა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები და არა ასეთი უხეში საუბრები, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები