"ამ პარლამენტში ვერავინ შევა და ყველა, ვინც ამ პარლამენტში შესვლას დააპირებს ოპოზიციიდან, ძალიან მყარად და მკაფიოდ ეცოდინება, რომ ეს არის მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა და მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთობა, მიუხედავად მათ შორის არსებული მწვავე დაპირისპირებისა:
"ოპოზიციური პარტიების ერთმანეთზე თავდასხმების მომხრე მე არ ვარ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა და მწვავე დაპირისპირებისა. ასევე, მიუხედავად ჩემი პერსონალური დამოკიდებულებისა, მათ შორის, გახარიასა და მისი პარტიისადმი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში ოპოზიციური ერთობა. ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, გახარიას პარტიასაც ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამია, რომ ის პარლამენტში არ შევა. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია თავისი სტრატეგია აირჩიოს. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ახლა გაგვეკეთებინა ეს და თუ ცესკო უარს იტყოდა, შემდეგ პარლამენტშიც ვიზამთ იმავეს. გახარიას პარტიაში, ამ შემთხვევაში სხვანაირი წარმოდგენა აქვთ და სხვანაირად უყურებენ ამ პროცესს, უფლებამოსილების ცნობის მერე იზამენ, თუ შემაჯამებელ ოქმამდე, ეს კონკრეტულად ამ პარტიის გადასაწყვეტია.
თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ დიდ სურათში, რასაც ჰქვია პარლამენტის არალეგიტიმაციის საკითხი, ძალიან მცირე წვრილმანებია, რაზე გამოკიდებაც არ არის მნიშვნელოვანი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამენტში ვერავინ შევა და ყველა, ვინც ამ პარლამენტში შესვლას დააპირებს ოპოზიციიდან, ძალიან მყარად და მკაფიოდ ეცოდინება, რომ ეს არის მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა და მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული და სამუდამო აკიდება იმ იარლიყის, რასაც ჰქვია მოღალატის იარლიყი,"- აცხადებს ანა წითლიძე.