13 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
"პროკურატურა აგრძელებს იმ საქმეს, რაც დაიწყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ" - გია ჯაფარიძე

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში, ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვის საკითხს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ჯაფარიძე ეხმიანება და ამბობს, რომ მათ უწყებაში კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ წარდგენილი. 

როგორც გია ჯაფარიძემ "დღის კურიერში" განაცახდა, საქართველოს პროკურატურას გამოძიების სურვილი არ აქვს. 

"ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, თან არა ერთხელ, არა ერთგზის. დაახლოებით 500 გვერდიანი სარჩელია ჩვენს მიერ წარდგენილი, მარტო "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოვლენილ დარღვევებზე. წარდგენილი გვაქვს ჩვენ შესაბამისი მასალები, 500 გვერდამდე. წარმოიდგინეთ, რა მოცულობის სამუშაო გვაქვს შესრულებული. ამის გარდა, არსებობს დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელზეც იმუშავა ოპოზიციაში მყოფმა ოთხივე პოლიტიკურმა სუბიექტმა. ეს დოკუმენტიც არსებობს და რასაკვირველია, საქართველოს პროკურატურას, თუ მას რაიმეს გამოძიების სურვილი აქვს, შეუძლია ამ დოკუმენტსაც გაეცნოს. ჩვენ გვაქვს ზღვა მასალა, საკმარისზე მეტი მასალა, რომელსაც შეუძლია გაეცნოს პროკურატურა. იმდენი კონკრეტული ფაქტი გვაქვს წარდგენილი, მგონი არც ერთ საქმეზე ამდენი კონკრეტული ფაქტი წარდგენილი არ ყოფილა. ამიტომ ვამბობ, საქართველოს პროკურატურას არანაირი სურვილი არ აქვს გამოძიების, პროკურატურა ამ შემთხვევაში აგრძელებს იმ საქმეს, რაც დაიწყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს არის არჩევნების მიტაცების ფალსიფიკაციის საქმე", - აცხადებს გია ჯაფარიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში მუხტი არის. როგორც ის ამბობს, წინასწარ გეგმებზე არ ისაუბრებენ, თუმცა პროცესი გეგმების მიხედვით მიდის.

"ქართულ საზოგადოებაში მუხტი არის. ეს არის პროცესი, გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული, ეს გეგმები პროცესის განმავლობაში შეიძლება განიცდიდეს გარკვეულ შესწორებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი დღესაც ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, მიუხედავად ცივი ამინდისა პარლამენტის წინ. წინასწარ ჩვენი გეგმების და ჩანაფიქრების გამჟღავნება არ ხდება, არა ერთხელ მითქვამს, რომ არავინ მოწინააღმდეგეს წინასწარ არ უშლის თავის კარტებს. პროცესი ისე მიდის, როგორც გვაქვს დაგეგმილი. შეუძლებელია, რომ მთელი თვის თუ ორი თვის განმავლობაში ვითხოვდეთ, რომ ქუჩაში გვქონდეს მუდმივად ხალხმრავალი აქციები. აქციები იქნება ისეთი და იმ დოზით და ისეთ მოულოდნელ ლოკაციაზე, რომელსაც ექნება საბოლოო ჯამში ამ დასახულ მიზნამდე ეფექტურად მისვლის წარმატებული შედეგი," - აცხადებს გია ჯაფარიძე.

დღის ამბები