02 დეკემბერი 2024,   09:23
ვრცლად
იურიდიული დახმარების სამსახური: არასრულწლოვნების ჩართვამ ისეთი ხასიათის ღონისძიებებში, როგორიცაა საპროტესტო აქციები, რომლებიც რიგ შემთხვევებში იძენენ ძალადობრივ ხასიათს, შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა

არასრულწლოვნების ჩართვამ ისეთი ხასიათის ღონისძიებებში, როგორიცაა საპროტესტო აქციები, რომლებიც რიგ შემთხვევებში იძენენ ძალადობრივ ხასიათს, შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა - ამის შესახებ განცხადებას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია ავრცელებს:

"იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, გამოხატავს გულისტკივილს და შეშფოთებას სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები.

არასრულწლოვნების ჩართვამ ისეთი ხასიათის ღონისძიებებში, როგორიცაა საპროტესტო აქციები, რომლებიც რიგ შემთხვევებში იძენენ ძალადობრივ ხასიათს, შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. არსებობს რეალური რისკი მათი უსაფრთხოების, განათლების და სხვა ძირითადი უფლებების შეფერხების ან/და შეზღუდვის მიმართულებით.

სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სკოლა, პედაგოგი და მშობელი ეწევა პროპაგანდას ბავშვების საპროტესტო აქციებში ჩართვასთან დაკავშირებით. მსგავსი ქმედებები არამხოლოდ ზიანს აყენებს ბავშვების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კოდექსისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

ვინაიდან მშობლებს, პედაგოგებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს, ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არასრულწლოვნების მიმართ, მოვუწოდებ მათ, დაფიქრდნენ მსგავსი ქმედებების შედეგებზე და უზრუნველყონ ბავშვების უფლებების დაცვა, რაც მათი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.

თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა მოარიდოს ბავშვი ძალადობრივ გარემოს, იმოქმედოს მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს ბავშვთა უფლებების კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის პრინციპებთან.

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს ბავშვების ჩართვას ძალადობრივ ქმედებებსა და იძულებით მოქმედებებში, ხოლო დამნაშავე პირები უნდა დაექვემდებარონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

იურიდიული დახმარების სამსახური გააგრძელებს მონიტორინგს და დაიცავს ბავშვების უფლებებს კანონით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

ჩვენი საერთო მიზანია ბავშვების მშვიდ გარემოში აღზრდა და მათი ინტერესების პრიორიტეტულობა ყველა ვითარებაში,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები