"ბუნებრივია, რომ მიხეილ ყაველაშვილი დააბრუნებს საპრეზიდენტო ინსტიტუტში კონსტიტუციის დაცვის, ერთიანობის სიმტკიცეს, ნდობას და იმის განცდას, რომ საქართველოში არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება ქართულ საზოგადოებას და არა უცხოურ ძალებს," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ორბელიანის სასახლის დატოვებას არ აპირებს და პარალელი მიხეილ სააკაშვილთან გაავლო.
"რაც შეეხება ზურაბიშვილის სურვილებს - მან ყველაფერში მიბაძა და გადააჭარბა სააკაშვილს. თუ სააკაშვილის მსგავსად, სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში და ემალებოდა ადამიანებს, რომ არ გამოეყვანათ შენობიდან, არ ვიცი. შეიძლება [ზურაბიშვილიც] აძვრეს სახურავზე, სანტა კლაუსის ფორმა ჩაიცვას... უმსგავსობებს გააკეთებს, რა თქმა უნდა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. კენჭისყრაში მონაწილე 225 წევრიდან, 224-მა ხმა მიხეილ ყაველაშვილს მისცა.
პრეზიდენტის არჩევნების პროცესში, ბარიერ-გადალახულმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მათმა ნაწილმა, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი პარლამენტთან გააპროტესტა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი კონსტიტუციაზე ფიცს 29 დეკემბერს დადებს.