"გვარამიას რაც არ მოსწონს, ის არის ძალიან კარგი და პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის, სასარგებლო საქართველოს მომავლისთვის," - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრების განცხადებებს.
"რა თქმა უნდა, ყოველგვარი აზრი თუ შეხედულება, რაც დღემდე ყოფილა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს დაესვა წერტილი. საზოგადოება კარგად აღიქვამს, რომ ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, როგორც ევროპულ სტრუქტურებთან, სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე, ელჩებთან. დღე არ გადის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტული ქვეყნის ელჩს არ შეხვდეს. ეს ყველაფერი მეტყველებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი, ლეგიტიმური არჩევნების ფონზე, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა და ის ახორციელებს ქვეყნის მართვას და შემდგომ პროგრესს. ამას მიეჩვიოს ყველა და რეალობას გაუსწოროს თვალი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენმდივანთან მისვლას არ აპირებენ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები. ნიკა გვარამია და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი "ქართულ ოცნებას" ეხმარება შექმნას ბუნდოვანება საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან და ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. პარტია მიმართავს ევროსაბჭოს გენმდივანს, დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია.