რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ზურაბიშვილის მიზანი აჟიოტაჟის შექმნა იყო - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას.
სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ თქვა, რომ გამოსავალი ახალი არჩევნებია, თუმცა მანამდე მხარდამჭერებს რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდა.
მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება.
რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
"პროცესი ემსახურება ერთადერთ მიზანსა და ამოცანას ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად ჩაინიშნოს და ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც იქნება სწორი და კვლავ ერთადერთი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი. ამ პროცესს არ უწერია მარცხი, ვინაიდან ქვეყანაში, ერთი, როდესაც 300 ადამიანი არის ნაწამები, არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩებოდა ივანიშვილის მაგივრად სხვა უარესი ადამიანი რომ ყოფილიყო და მეორე - უკვე ძალიან თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა სამართლიან და თავისუფალ გარემოში, რაც დადასტურებულია უკვე ეუთო/ოდირის შესაბამისი დასკვნით", - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ინიციატივას ეთანხმება და მიესალმება.
"ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ნამდვილად ახალ ეტაპზე გადავედით იმიტომ, რომ დღეს, 25-ე დღეს პროტესტის დაწყებიდან, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, მოტივირებულები. სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობა და მისი ჟინი, რომ დიახაც ჩაუდგეს ამ ბრძოლას სათავეში, რასაც მივესალმები და რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა დასავლეთიდან სანქციების თუ სხვა ზომების სახით", - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო ჩიხლაძე.