
საგამოძიებო კომისიის პირველი ხმაურიანი სხდომა და შეფასებები - "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი ეპიზოდი, ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.
კომისიის მუშაობას სკეპტიკურად აფასებს ოპოზიცია. განსაკუთრებით კრიტიკულია "ნაციონალური მოძრაობა". პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ კომისიის მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გასამართლებაა.
"სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა საქმის გამოძიებას მივემხრობი, მაგრამ ამ საგამოძიებო კომისიაზე თუ მეკითხებით და ამ კონკრეტული საგამოძიებო კომისიის მიზნებზე, მას სამართლებრივი მიზნები არ გააჩნია, პოლიტიკური მიზნები აქვს. მიზანს წარმოადგენს არა კონკრეტულ ფაქტებზე სიმართლის დადგენა, არამედ ყველა იმ ადამიანის გასამართლება, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ტატა ხვედელიანი კი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მსგავსი საქმეების განხილვა დააგვიანა, რადგან დაზარალებულები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას.
"ძალიან ბევრი ოჯახი დაზარალდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის პირობებში და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელიან სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, რატომღაც, მმართველობის მე-13 წელს გაახსენდა ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას." რადგან ჩვენ საპარლამენტო საქმიანობას არ ვეწევით ამჟამად, ჩვენ ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ ვერც პარლამენტს და ვერც იმ უწყებებს, რომელიც შიდაუწყებრივად არის შექმნილი პარლამენტში," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.