
This is a modal window.
პროტესტის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, სპეცრაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ აირს იყენებს. თურქეთში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება.
ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში ასეულობით ათასი ადამიანი მეხუთე დღეა სტამბოლის ოპოზიციონერი მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებს.
ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს აკავებენ, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციებიდან 1 133 მოქალაქე აიყვანეს.
თურქეთის სასამართლომ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი კორუფციის ბრალდებით პატიმრობაში დატოვა. ის ციხეში სასამართლო პროცესის დასრულებამდე დარჩება. ცნობილია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაც, უწყებამ მერი თანამდებობიდან გადააყენა. თურქეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ დაპატიმრებული პოლიტიკოსი 2028 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. იმამოღლუს კანდიდატურას "სახალხო რესპუბლიკური" პარტიის პრაიმერიზში მონაწილე 15 მილიონი მოქალაქიდან 13 მილიონ 200 ათასზე მეტმა დაუჭირა მხარი.
თურქეთის მთავრობა ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.
სტამბოლის მერი და მასთან დაახლოებული კიდევ 106 პირი 19 მარტს სავარაუდო კორუფციის, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დააკავეს. ექრემ იმამოღლუმ პროკურატურას ჩვენება მისცა და წაყენებული ყველა ბრალდება უარყო.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.