
გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა", - წერს გერმანიის საგარეო უწყება.
უსამართლო და დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებას.
"სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის მიერ ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ ამ სანქციებს როდესაც აწესებენ, უნდა ჰქონდეს თავისი შედეგი და ამავდროულად, უნდა იყოს დამაშინებელი ეფექტის მქონე და ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში.
ეს ყველაფერი მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ გლობალური ომის პარტიას. როდესაც ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ განსაკუთრებით გაძლიერდებოდა მომავალში ევროპიდან ზეწოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოში და საქმეებში ჩარევის კუთხით. ამის მაგალითებს ვხედავთ ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამის მაგალითები არის ბალტიელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკანდინაველების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჩეხეთში ზუსტად ანალოგიურად მოხდა საკითხის განხილვა. შედეგი არის ერთი და იგივე, რომ არც არავის აინტერესებს ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უბრალოდ ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ყველანაირი საფუძვლის გარეშე რაღაც საკითხებზე მსჯელობენ, აფათურებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს და თავი დაანებონ ამ ქმედებებს, იმიტომ, რომ ყოველთვის მიიღებენ ჩვენი ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.