27 მარტი 2025,   03:05
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "სარკინიგზო კოდექსში" ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე - „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტები შემუშავებულია სარკინიგზო რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ სტანდარტებს უახლოვდება.

"კანონპროექტის მიზანია სარკინიგზო გადაყვანების დროს მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირება, ასევე, სათანადო მექანიზმების შექმნა აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სარკინიგზო დარგზე სახელმწიფო საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური განხორციელება და რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერება“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას.

მისივე თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება სახიფათო ტვირთით რკინიგზაზე გადაზიდვის ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთვის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.

კანონპროექტის შესაბამისად ასევე განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე ასევე წარადგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი.

კერძოდ, "საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) (1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად)“ 2015 წლის AG 12/NOT/Add.1 და 2018 წლის NOT-18001-Ad.1 ცვლილებები“.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი.