27 მარტი 2025,   02:47
ვრცლად
რას გულისხმობს "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილება, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გრეტა წიწავამ განაცხადა, კანონპროექტით მკაცრდება სასიგნალო იარაღთან ან/და ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციები.

კერძოდ, სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა იქნება.

მისივე თქმით, ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).

წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „იარაღის შესახებ“ კანონის იმ ნორმებში, რომლითაც იარაღის ლიცენზიასა და ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებია პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და გრეტა წიწავა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.