
პარლამენტის საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის მიმართ რეაგირებას ითხოვს - უკვე მიმართეს პროკურატურას. თეა წულუკიანმა პოლიტიკოსებს "სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლი შეახსენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით.
”ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, გამოწვევა მიღებულია, უცხოელ პარტნიორებთან პირველი გზავნილები უკვე გაშვებული აქვთ და ეს უმსგავსობა ასე არ დარჩება.
"გამოწვევა არის მიღებული. ეს გამოწვევა კოალიციამ მიიღო სრულად და კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს. თითოეული ჩვენი რაიონული ორგანიზაცია არის მზად, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს წინააღმდეგობაში. ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან და ეს უმსგავსობა უპასუხოდ არ დარჩება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარის, კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებით იმუქრება, მაგრამ მისივე თქმით, მუქარების არავის ეშინია.
"13 წელია ხელისუფლებაში ეს ხალხი და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე რაღაცები მომხდარა 13, 15 და 17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან და რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის არ ეშინია,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შპს "მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს - ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრეც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ბიზნესი წაართვეს და უსამართლოდ დააპატიმრეს.
ჯემალ ლეონიძეს პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს - ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს. სწორედ ეს გახდა პოლიტიკოსების დაბარების მიზეზი იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულს სწავლობს.