
This is a modal window.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის მიმართ რეაგირებას ითხოვს - უკვე მიმართეს პროკურატურას. თეა წულუკიანმა პოლიტიკოსებს "სისხლის სამართლის კოდექსის" 349-ე მუხლი შეახსენა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ -"უპრინციპო ადამიანები ფულზე იყიდებიან".
მისი თქმით, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სწორედ ამიტომ არ აქვთ ამ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს.
"უპრინციპო ადამიანები იყიდებიან ფულზე, პოლიტიკაში პოლიტიკურ ფულზე. სწორედ ამას ვუყურებთ და ვხედავთ, როდესაც ადამიანი თავის დროზე პოლიტიკაში მოვიდა, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ლოზუნგებით და დღეს, გადავიდა იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ცნობილი იყვნენ მსგავსი ტიპის დანაშაულებით. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სწორედ ამიტომ არ აქვთ ამ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და ვისაც არ ახსოვს, მათ შორის მედიითაც ძალიან კარგად შეიძლება შევახსენოთ, რას ლაპარაკობდნენ ისინი რამდენიმე წლის წინ და დღეს როგორ შეატრიალეს თავიანთი საუბარი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შპს "მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს - ეს არის კომპანია, რომლის მესაკუთრეც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ბიზნესი წაართვეს და უსამართლოდ დააპატიმრეს.
ჯემალ ლეონიძეს პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს - ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებს. სწორედ ეს გახდა პოლიტიკოსების დაბარების მიზეზი იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულს სწავლობს.