27 მარტი 2025,   01:45
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "წიაღის შესახებ" კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს და მის თანმდევ კანონპროექტებს.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირისა, ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის განცხადებით, საკითხი შეეხება მინერალური რესურსების სააგენტოს მმართველობითი რგოლის შეცვლას.

„მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო კვლავ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ბრუნდება. 2018 წელს, საკანონმდებლო ცვლილებებით, როდესაც აღნიშნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შევიდა, როგორც ლიცენზიის გაცემის საწყის ეტაპზე, ასევე, ინსპექტირების დროს გარკვეული დუბლირება მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ სრულფასოვანი კონტროლი დაბრუნდეს ზედამხედველობის სამსახურის ხელში. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების საკითხზე საუბარი წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო და დღეს უკვე, მთავრობასთან შეთანხმებით, წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი განმარტებით, ცვლილების მიზანს სასარგებლო წიაღისეულის მართვის და გარემოს დაცვის საკითხების ეფექტიანად წარმართვა წარმოადგენს. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ამ ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული დუბლირების შემთხვევები და ინსპექტირებაც უფრო ეფექტურად მოხდება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, გიორგი ჭყონია, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ხახუბია, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი ზარქუა და ზაურ დარგალი.