09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის საკითხი განიხილა

გაეროს უშიშროების საბჭომ წუხელ უკრაინის კრიზისზე 26–ე საგანგებო სხდომა გამართა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინაში ვითარების ესკალაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. განცხადება საბჭოზე შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, სამანტა პაუერმა გააკეთა და ამ კონტექსტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც ახსენა.

"შეუძლებელია კრიზისის პოლიტიკურად მოგვარება, თუ შეთანხმებას ერთი მხარე მაინც არღვევს. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ქმედებები დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და ყირიმში. მთავარი კითხვა არის არა ის, თუ რის გაკეთებას ეცდება რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ, რას გავაკეთებთ ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, რათა ამას ხელი შევუშალოთ. სანქციები კი რუსეთის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ სისხლისღვრა შეწყდება", - განაცხადა პაუერმა.

უშიშროების საბჭო მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ნატო-ს ევროპის სამხედრო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მძიმე ტექნიკის შესვლასთან დაკავშირებით. თუმცა, გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო და მას პროპაგანდისტული ტყუილი უწოდა.

გუშინვე სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის. კერიმ ლავროვს მინსკის პროტოკოლის დაცვისკენ მოუწოდა.

ამასობაში რუსეთი კი საერთაშორისო რეზონანსის ფონზე აზოვის ზღვის აკვატორიას ნაღმავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უშიშროება ავრცელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები