სანქციებსა და მის გავლენაზე ხელისუფლების შეფასებას ეკონომისტების ნაწილი იზიარებს. ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ეს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის შეზღუდვას და ბაზრიდან შედარებით იაფიანი საიმპორტო პროდუქციის გაქრობას გამოიწვევს.
"რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ ჟღერს მოსაწონად. სინამდვილეში, ეკონომიკურ კონტექსტში თუ შევხედავთ, თუ არ გავალთ საერთოდ სამხედრო პოლიტიკურ კონტექსტში, მინიმუმ, ნიშნავს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის შეზღუდვას, რადგანაც რუსეთი ავტომატურად სარკისებრ მოქმედებას განახორციელებს და ჩვენთვის ნიშნავს იმ შედარებით იაფიანი საიმპორტო პროდუქციის გაქრობას ბაზრიდან, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ რუსეთიდან - მაგალითად, ხორბლის," - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.