16 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
"ძალიან მკაფიოდ, ღიად და დაუფარავად გვითხრეს, რომ, ამ ხელისუფლების მიერ აღებული გეზის პირობებში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში" - საბა ბუაძე საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე "დღის კურიერის" ეთერში ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ქვეყანა ევროპულ სივრცეს დააშოროს, რისი პასუხიც აღნიშნული რეზოლუციაა.

"მთავარი საკითხი არის ის, თუ რას აკეთებს "ქართული ოცნება" და როგორ ცდილობს, დააშოროს ჩვენი ქვეყანა იმ სივრცეს, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ეს არის სწორედ რუსული დავალების შესრულება, საქართველოს ჩამოშორება ევროკავშირისგან, დასავლეთისგან და რუსეთის პირისპირ დატოვება. ეს არის სწორედ ასახული ამ რეზოლუციაში, გაანალიზებულია ძალიან ფართო სპექტრი იმ მიმართულებების, სადაც "ქართული ოცნება" თავის ძირგამომთხრელ სამუშაოებს ახორციელებს. მთავარი არის ის, რომ ძალიან მკაფიოდ, ღიად და დაუფარავად გვითხრეს, რომ ამ ხელისუფლების მიერ აღებული გეზის პირობებში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსი არის შეჩერებული და მეტიც, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ის უკვე მოპოვებული სიკეთეები, რომელიც ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად არის მიღებული, მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია და ათეულობით და ასეულობით მილიონი ევროს დახმარება, რომელსაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვიღებთ ევროპული ინსტიტუტებისგან. ამის დაკარგვის წინაშე გვაყენებს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება," - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებულია. კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შესწორებები შევიდა - კონკრეტულად რომელი პუნქტები მოხვდა უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კენჭისყრამდე შეჯერებულ ვერსიას, მთავარი საკითხები შემდეგია - ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო.

 

დღის ამბები