"ქართული ოცნების" წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში შემუშავებული რეზოლუციის ავტორების უმრავლესობას, წაკითხული არ აქვს კანონი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რადგან, მისივე თქმით, ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანების უფლებების დარღვევასთან.
მან "დღის კურიერში" ისაუბრა ისაუბრა "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ასეთი და მსგავსი კანონები აშშ-სა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში არსებობს.
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროპარლამენტარების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც ნდობას უცხადებენ გარკვეულ დეპუტატებს, რომლებიც რეზოლუციის პროექტის ტექსტის ავტორები იყვნენ, საერთოდ წაკითხული არ აქვთ, რა წერია "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონში, - საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანების უფლებათა დარღვევასთან.
რაც შეეხება "გამჭვირვალობის კანონს", ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ფაქტებითაც დასტურდება, რომ მსგავსი შინაარსის და ბევრად უფრო მკაცრი კანონები, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენით აქვს თვითონ ევროკავშირის ძალიან ბევრ სახელმწიფოს, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-სა და სხვა ე.წ. დასავლეთის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც დღეს განვითარებული დემოკრატიის სახელმწიფოებად ითვლებიან. მათ შორის, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის კონტინენტზე.
ერთი რამის მოწმე ვართ დღეს - დღეს, როცა, რატომღაც, ჩვენი ე.წ. პრეზიდენტი ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციას და სამართალს არაფრად არ აგდებს, ჩვენ ამგვარ ნიშნებს ვხედავთ თვითონ ევროკავშირის შიგნით, როდესაც სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ხდება გარკვეულ საკითხებზე აპელირება და ამით საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების დაანონსება, ან ასევ ვთქვათ, ცალმხრივად აღიარება. ეს არის ძალიან არასერიოზული ისეთი მძლავრი სახელმწიფოსმაგვარი ორგანიზაციისთვის, როგორიც არის ევროკავშირი, რომელიც მთლიანად ეყრდნობა სამართალს," - აცხადებს მაია ბითაძე.