16 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"ძალიან შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ის ჩანაწერები, რომელიც რეზოლუციის პროექტში ვიხილეთ" - მაია ბითაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოს შესახებ

"ქართული ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ "დღის კურიერში" ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა. მაია ბითაძემ რეზოლუციის პროექტს "შემაშფოთებელი და სამარცხვინო" უწოდა.

"არ შემიძლია მწუხარება არ გამოვთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ [რეზოლუციის] პირველადი პროექტები, არც ჩვენ ვიხილეთ, რეალურად, შეიცავს პირდაპირ ნიშნებს სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევის, რაც არის ფუძემდებლური პრინციპი, მათ შორის, ევროკავშირისთვის, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ქმედება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს, წესი, თვითონ ევროპისთვის და ევროპული ბიუროკრატიისთვის. მერე რა, რომ საუბარია ევროკავშირის პარლამენტზე, საკანონმდებლო ორგანოზე და არა აღმასრულებელ რგოლზე.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ევროკავშირმა, რამდენჯერმე, შეიძლება ითქვას, თავი შეირცხვინა საერთაშორისო სამართლის წინაშე იმ რეზოლუციებით, რაც გასული წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებით მიიღო, სადაც ითხოვდა როგორც ბიძინა ივანიშვილის რატომღაც დასანქცირებას, ისევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ახლა, ჩვენ ვხედავთ პროექტს, სადაც პირდაპირაა ფორმალურად ჩაწერილი ის, რასაც ამდენი ხანია ვსაუბრობთ - რომ ჩვენ გვთხოვდნენ რუსეთისთვის იმგვარი სანქციების დაწესებას, რაც არათუ ჩამოშლიდა ამ ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენ არათუ ეკონომიკურ წინსვლაზე გვექნებოდა საუბარი, რაც დასტურდება შეფასებებით, არამედ ამ ქვეყანას იმ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენებდა, რასაც რეგიონში ომის საფრთხის ახალი ეტაპი შეიძლებოდა დაგვერქმია.

საბედნიეროა ის, რომ ყველა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. მიუხედავად იმისა, თუ რა ტექსტი იქნება საბოლოო ვერსიაში, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან შემაშფოთებელი და სამარცხვინოა ის ჩანაწერები, რაც ჩვენ რეზოლუციის პროექტში ვიხილეთ, რაც ერთი ერთში იმეორებს ჩვენი რადიკალების ნარატივს," - აცხადებს მაია ბითაძე.

ცნობისთვის, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიღებულია. კენჭისყრა ევროპარლამენტში შედგა. შესწორებები შევიდა - კონკრეტულად რომელი პუნქტები მოხვდა უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კენჭისყრამდე შეჯერებულ ვერსიას, მთავარი საკითხები შემდეგია - ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება.

 

დღის ამბები