არსებობს სიტყვები, რომლებიც უბრალოდ ითქმის და არსებობს სიტყვები, რომლებიც ერს აცოცხლებს. ქართული ენა სწორედ ასეთია: ის არა მხოლოდ აზრის გადმოცემის საშუალება, არამედ მეხსიერებაა, საუკუნეების განმავლობაში შენახული იდენტობა. ამიტომაც, როდესაც ერის იდენტობის ნაწილს საფრთხე დაემუქრა, საპასუხო ნაბიჯი გადაიდგა და ხალხმა ხმა აიმაღლა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ერთობით.
14 აპრილი, ქართული ენის დღე, გვახსენებს, რომ ენა შეიძლება გახდეს ბრძოლის მიზეზიც და გამარჯვების საფუძველიც. ეს არის დღე, როდესაც სიტყვამ რეალური ძალა შეიძინა და ისტორიის მსვლელობა შეცვალა.
რა მოხდა 1978 წელს?
ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის. ის ერის სული, ისტორია და იდენტობაა. სწორედ ამ აზრის ცოცხალი დადასტურებაა 14 აპრილი, რომელიც ქართველმა ხალხმა საკუთარი ერთობითა და გამბედაობით ისტორიაში სამუდამოდ დაამკვიდრა.
1978 წელი, ქართულ ენას საფრთხე ემუქრება, საზოგადოება კი მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ენის დაცვა მხოლოდ კულტურული საკითხი არ არის. ეს არის ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოდის. მიზანი ერთია - დაიცვან ის, რაც მათ ეროვნულ თვითმყოფადობას განსაზღვრავს. 1978 წლის 24 მარტს, გაზეთ "კომუნისტში" საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნომრის მიხედვითაც, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა, რომელიც 327 სტუდენტის ხელოწერით დაიწყო. საბოლოოდ კი 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა.
პარლამენტის შენობის გარეთ მომიტინგეები იდგნენ, შენობის შიდა ეზოში კი, სამხედროები იმყოფებოდნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგა და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ბოლო წუთს, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.
მოვლენები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განვითარდა, კულტურული გაერთიანების სიმბოლოდ იქცა. ამ დღემ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ ლიტერატურასა და კულტურაზე, გააძლიერა ეროვნული თვითშეგნება და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ენა არის ის ძალა, რომელიც ხალხს აერთიანებს. 14 აპრილი - ქართული ენის დღე, საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
რეალური ისტორიები და დეტალები:
1978 წლის 14 აპრილს საინტერესო და ემოციური ისტორიები უკავშირდება. ბევრს დღემდე ახსოვს ეს დღე როგორც ერთობისა და გამბედაობის სიმბოლო. ქალაქში ვრცელდებოდა ხმები, თითქოს ჯარი უნდა შემოსულიყო. ხალხი ელოდებოდა რა მოხდებოდა, ეს საათები კი განსაკუთრებით დაძაბული იყო.
მონაწილეები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ეშინოდათ, რადგან საბჭოთა პერიოდში მსგავსი პროტესტი შეიძლებოდა მძიმე შედეგით დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, ხალხი არ დაიშალა. ისმოდა ლოზუნგები, ფრიალებდა პლაკატები წარწერებით: "დედა ენა", "ენა, მამული, სარწმუნოება".
ბევრი ამბობს, რომ იმ დღეს, სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ამხნევებდნენ, იქმნებოდა განსაკუთრებული ერთიანობის განცდა. ეს დღე ხშირად მოიხსენიება როგორც მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან ძლიერი სამოქალაქო პროტესტის მაგალითი.
ქართული ენის დღე და მისი გავლენა ქართულ ლიტერატურასა და კულტურაზე
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა. 1978 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული ენა ქართველი ხალხისთვის და როგორ შეუძლია საზოგადოებას საკუთარი ღირებულებები დაიცვას.
ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ ლიტერატურაზე. თუ მანამდე მწერლები ხშირად ფარულად ან სიმბოლურად გამოხატავდნენ ეროვნულ იდეებს, 1978 წლის შემდეგ ეს თემები უფრო გამოკვეთილი და გაბედული გახდა.
ლიტერატურაში გაძლიერდა ეროვნული თვითშეგნების, ენის დაცვისა და კულტურული იდენტობის თემები. ამ იდეებს ხაზს ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე უსვამდა. სწორედ "ენა, მამული, სარწმუნოება" იქცა, 1978 წლის მოვლენების დროს რეალურ მოქმედებად. ასევე, მნიშვნელოვანი იყო აკაკი წერეთლის შემოქმედება, სადაც ენა წარმოდგენილია როგორც ეროვნული ერთიანობის საფუძველი.
მოგვიანებით, XX საუკუნის მწერლები, მათ შორის ოთარ ჭილაძე, საკუთარ ნაწარმოებებში ხშირად ეხებოდნენ ადამიანის და საზოგადოების ურთიერთობას იდენტობასთან, რაც ამ ისტორიული მოვლენების გავლენასაც ასახავდა.
პოეზიაში ენის თემა განსაკუთრებული ემოციურობით გამოიხატა. მაგალითად, მუხრან მაჭავარიანის ლექსებში ენა პირდაპირ დაკავშირებულია ეროვნულ არსებობასთან. მისი იდეა, რომ ენის დაკარგვა ერის დაკარგვას ნიშნავს, სრულად ასახავს იმ განწყობას, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს საზოგადოებაში სუფევდა.
მოვლენამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ ზოგადად კულტურაზე. ქართული ანბანი იქცა ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ, რომელიც ხშირად გამოიყენება ხელოვნებაში - მხატვრობაში, გრაფიკაში და დიზაინში. ასევე, განვითარდა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება ენას, მათ შორის საჯარო კითხვები, ლიტერატურული საღამოები და ფესტივალები.
ქართული დამწერლობა
მსოფლიოში 5 000-მდე ენაა, დამწერლობა კი მხოლოდ 14, მათ შორის არის ქართულიც. ჩვენი ანბანი ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი ანბანური სისტემაა. ორიგინალური მოყვანილობის ქართული ანბანი მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა.
მე-11 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ლეონტი მროველი "ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში" წერს:
"ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული".
ფარნავაზი ქართლში ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. თუმცა, უძველესი წერილობითი ძეგლები, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, V საუკუნით თარიღდება. მაგალითად: ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა 493-494 წლებს განეკუთვნება.
ქართულმა დამწერლობამ განვითარების ხანგრძლივი, მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო. დროთა განმავლობაში, ტრანსფორმაციის შედეგად ქართული დამწერლობის სამი გრაფიკული სახეობა შეიქმნა:
- ასომთავრული ანუ მრგვლოვანი
- ნუსხური
- მხედრული
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ანბანის სამ სახეობას, 2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით: "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა".
2016 წლის 30 ნოემბერს კი, იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
(პირველი "დედა ენა", 1976 წელი. ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში)
1974 წლის მოვლენების მემკვიდრეობა
დედაენის დღე, დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. ყოველწლიურად ადამიანები იკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ საკუთარი ენისადმი სიყვარული და პატივისცემა. ეს დღე გვახსენებს, რომ ენა არის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების მატარებელი.
სწორედ 1978 წლის 14 აპრილი იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც ეროვნული თვითშეგნება გააძლიერა და ქართულ ლიტერატურასა და კულტურაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.