18 ივნისი 2026,   18:14
ვრცლად
40 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან

1986 წლის 26 აპრილის ღამე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თარიღად დარჩება. უკრაინის ჩრდილოეთით, მდინარე პრიპიატის პირას მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის სიამაყე და ტექნოლოგიური წინსვლის სიმბოლო იყო. თუმცა, ზუსტად 01:23 საათზე, მეოთხე ენერგობლოკზე მომხდარმა აფეთქებამ ეს სიმბოლო "უხილავ მკვლელად" აქცია, რომელმაც ათასობით ადამიანის ბედი სამუდამოდ შეცვალა.

ყველაფერი საბედისწერო ექსპერიმენტით დაიწყო. ინჟინრებს სურდათ, შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა ტურბინის ინერცია ელექტროენერგიის მიწოდებას უსაფრთხოების სისტემებისთვის კვების სრული გათიშვის შემთხვევაში. ამ ტესტის ჩასატარებლად, ოპერატორებმა გამორთეს ავტომატური დაცვის მექანიზმები, რამაც რეაქტორი უკიდურესად არასტაბილურ მდგომარეობაში ჩააგდო. როდესაც ვითარება კონტროლიდან გამოვიდა და თანამშრომლებმა სასწრაფო გაჩერების ღილაკს, ცნობილ "AZ-5"-ს დააჭირეს, უკვე გვიან იყო.

რეაქტორის კონსტრუქციულმა ხარვეზმა – საკონტროლო ღეროების გრაფიტის დაბოლოებებმა, რეაქციის ჩახშობის ნაცვლად, სიმძლავრის მყისიერი აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე წამში ორთქლის მძლავრმა ნაკადმა რეაქტორის 1000-ტონიანი სახურავი ჰაერში აიტაცა და ცაში რადიოაქტიური ნივთიერებების უზარმაზარი სვეტი აიჭრა.

 

კატასტროფის პირველი საათები ტრაგიკული გაუგებრობით იყო მოცული. ადგილზე მისული მეხანძრეები, ვასილი იგნატენკოს მეთაურობით, ხანძარს ჩვეულებრივი აღჭურვილობით ებრძოდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ რეაქტორის გული ღია იყო და ირგვლივ მიმოფანტული გრაფიტის ნატეხები მომაკვდინებელ რადიაციას ასხივებდა. ეს ადამიანები იყვნენ პირველი მსხვერპლნი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაჩერეს ცეცხლის გავრცელება მეზობელ, მესამე ბლოკზე. მათ მალევე მოჰყვნენ ე.წ. "თვითმკვლელი მყვინთავები" და მეშახტეები, რომლებმაც ყველაზე საშინელ პირობებში იმუშავეს, რათა თავიდან აეცილებინათ კიდევ უფრო მასშტაბური, თერმული აფეთქება, რომელიც ნახევარ ევროპას საცხოვრებლად უვარგისს გახდიდა.

აფეთქებიდან რამდენიმე დღეში მეცნიერები საშინელი რეალობის წინაშე დადგნენ: მეოთხე რეაქტორის დნობადი მასა ("ლავა") ნელ-ნელა წვავდა ბეტონის იატაკს. მის ქვეშ კი წყლით სავსე უზარმაზარი რეზერვუარები იყო. მათი შეხება გამოიწვევდა გიგანტურ თერმულ აფეთქებას, რომელიც მიწასთან გაასწორებდა დარჩენილ სამ რეაქტორს და რადიოაქტიურ მტვრად აქცევდა ნახევარ ევროპას.

სამი მოხალისე: ალექსეი ანანენკო, ვალერი ბესპალოვი და ბორის ბარანოვი სპეციალური აღჭურვილობით დაეშვა რადიოაქტიური წყლით სავსე ბნელ სარდაფებში. მათ უნდა ეპოვათ და გაეხსნათ ვენტილები წყლის დასაცლელად. ფანრები მალე დაუჯდათ და სრულ სიბნელეში, მხოლოდ მილებზე ხელის ცაცუნით მიაგნეს საჭირო ონკანებს. მათ შეძლეს შეუძლებელი და მსოფლიო მეორე, უფრო დიდი კატასტროფისგან იხსნეს.

საბჭოთა ხელისუფლება თავდაპირველად დუმილს ამჯობინებდა. ქალაქ პრიპიატში, რომელიც ატომური სადგურის თანამშრომლებისთვის იყო აშენებული, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდა: ბავშვები სკოლაში წავიდნენ, ხალხი კი აივნებიდან უყურებდა სადგურიდან ამომავალ უცნაურ, მოციმციმე ნათებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვედეთის ატომურ სადგურებზე რადიაციის დონის კატასტროფული მატება დაფიქსირდა, კრემლი იძულებული გახდა, სიმართლე ეღიარებინა. აფეთქებიდან 36 საათის შემდეგ პრიპიატში ევაკუაცია გამოცხადდა. 50 000-მდე ადამიანს სახლების დასატოვებლად მხოლოდ რამდენიმე საათი მისცეს. მათ უთხრეს, რომ სამ დღეში დაბრუნდებოდნენ, თუმცა იქ მას შემდეგ აღარავინ შესულა.

კატასტროფის შედეგები გლობალური აღმოჩნდა. რადიოაქტიურმა ღრუბელმა თითქმის მთელი ევროპა მოიცვა. ათასობით კვადრატული კილომეტრი ნიადაგი ცეზიუმითა და სტრონციუმით მოიწამლა. ასიათასობით "ლიკვიდატორი", რომლებიც ავარიის შედეგებს ებრძოდნენ, მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს ატარებდა. ჩერნობილმა ასევე დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, რადგან მან გამოააშკარავა სისტემის უუნარობა, დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და სიმართლე ეთქვა მათთვის.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს ადგილი, რომელიც დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების ყველაზე თვალსაჩინო ძეგლია. ეს არის "წითელი ტყე", დაახლოებით 10 კვადრატული კილომეტრის ფართობი, რომელმაც 1986 წლის 26 აპრილის ღამეს რადიაციის ისეთი დოზა მიიღო, რაც ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის თეორიულადაც კი გადაუჭრელი სასიკვდილო განაჩენი იყო.

აფეთქების შემდეგ, რადიოაქტიური იზოტოპებისგან შემდგარი მძლავრი ღრუბელი ქარმა ჩრდილო-დასავლეთისკენ, ფიჭვის ტყისკენ წაიღო. დასხივების სიმძლავრე იმდენად მაღალი იყო, რომ ფიჭვის ხეებმა რამდენიმე საათში მიიღეს 8 000-დან 10 000 რენტგენამდე დოზა. ადამიანისთვის სასიკვდილოა 500 რენტგენი.

რადიაციამ ხეებში ქლოროფილი დაშალა, რის გამოც ნემსებმა ფერი იცვალა და ჟანგისფერ-წითელი გახდა. თუმცა, ყველაზე შემზარავი სანახაობა ღამით იშლებოდა: გადაჭარბებული ენერგიის გამო, ხეების უჯრედები იმდენად იყო აღგზნებული, რომ ტყე მკრთალი, მოლურჯო-მომწვანო შუქით ანათებდა. ეს იყო "სიკვდილის ნათება", რომელიც მიანიშნებდა, რომ ტერიტორია საცხოვრებლად ათასწლეულების მანძილზე უვარგისი გახდა.

დღეს "წითელი ტყის" ადგილზე ახალი ხეებია ამოსული, თუმცა ისინი რადიაციის კვალს ატარებენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალ ფიჭვებს ხშირად აქვთ მუტაციები: ხეები იზრდებიან უცნაური ფორმით, აქვთ გაორებული ტოტები ან საერთოდ არ აქვთ წვეროები (ფენომენი, რომელსაც "გიგანტიზმს" ან "ჯუჯობას" უწოდებენ). გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე მკვდარი ფოთლები და ტოტები თითქმის არ ლპება, რადგან რადიაციამ გაანადგურა ის მიკროორგანიზმები და მწერები, რომლებიც ბუნებრივ დაშლაზე არიან პასუხისმგებელნი.

საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "გრინპისი" ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს გაცილებით დრამატულად აფასებს, ვიდრე ოფიციალური უწყებები (მაგალითად, გაერო ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო). მათი ძირითადი ვარაუდები და არგუმენტები ასეთია:მსხვერპლის რაოდენობა - გრინპისის ანგარიშის თანახმად, რადიაციით გამოწვეული დაავადებების შედეგად დაღუპულთა საერთო რიცხვი შესაძლოა 93,000-დან 200,000-მდე მერყეობდეს.

ეს ციფრი რადიკალურად განსხვავდება ოფიციალური სტატისტიკისგან, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ათას მსხვერპლს აღიარებს.

ონკოლოგიური პროგნოზები: ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მხოლოდ ბელორუსის, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებზე დაახლოებით 270,000 ადამიანს განუვითარდა ან განუვითარდება სიმსივნის სხვადასხვა ფორმა უშუალოდ ჩერნობილის რადიაციის გამო.

გენეტიკური და იმუნური დარღვევები: გრინპისი ხაზს უსვამს, რომ რადიაციამ გამოიწვია არა მხოლოდ კიბო, არამედ იმუნური სისტემის მასობრივი დაქვეითება (ე.წ. "ჩერნობილის შიდსი"), ნაადრევი დაბერება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და გენეტიკური მუტაციები მომავალ თაობებში.

დაბინძურებული საკვები: ორგანიზაციის მტკიცებით, საფრთხე დღემდე აქტიურია, რადგან დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მილიონობით ადამიანი კვლავ მოიხმარს ადგილობრივ პროდუქტებს (რძე, სოკო, კენკრა), რომლებიც კრიტიკულად მაღალი დოზით შეიცავს ცეზიუმ-137-ს.

ზოგისთვის "უხილავი მკვლელის" შიშზე ძლიერი მშობლიური მიწის სიყვარული აღმოჩნდა. ძირითადად მოხუცები, ფარულად თუ ღიად, საკუთარ კარ-მიდამოს დაუბრუნდა. მათ თვითმოსახლეები უწოდეს. ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს სიცოცხლე სიკვდილის ზონაში.
ამ ადამიანების დაბრუნების მიზეზი მარტივი და მტკივნეული იყო: მათთვის გაუგებარი იყო საფრთხე, რომელიც არც ჩანდა და არც სუნი ჰქონდა, ხოლო კიევის მრავალსართულიან კორპუსებში ცხოვრება მათთვის ფესვების მოგლეჯას ნიშნავდა. 1980-იანი წლების ბოლოს ზონაში დაახლოებით 1 200 ადამიანი დაბრუნდა. ისინი დასახლდნენ ნახევრად დანგრეულ სახლებში, დაიწყეს მიწის დამუშავება, მოჰყავდათ ბოსტნეული, სვამდნენ ჭის წყალს და ჭამდნენ ადგილობრივ თევზს. მეცნიერული თვალსაზრისით, მათი რაციონი მომწამვლელი იყო, თუმცა ბევრმა მათგანმა ღრმა სიბერემდე მიაღწია. მკვლევარები ამ ფენომენს ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნიან: შინ ყოფნისგან გამოწვეულმა სიმშვიდემ მათ უფრო მეტი სიცოცხლე აჩუქა, ვიდრე ევაკუაციის სტრესმა მათ თანატოლებს.

2022 წელს, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთის ჯარმა ჩერნობილის ატომური სადგური და მიმდებარე ტერიტორია დაიკავა. სამხედრო ტექნიკა წითელ ტყეში გადაადგილდებოდა, რადიოაქტიური მტვერი ჰაერში ავიდა. ეს ქმედებები ძალიან სარისკო იყო რადგან ნებისმიერი დაუდევრობა შესაძლოა ახალ კატასტროფად ქცეულიყო.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფიდან ოთხი ათეული წელი გავიდა, თუმცა ეს ადგილი კვლავ რჩება მსოფლიო ყურადღების ცენტრში, როგორც კაცობრიობის ყველაზე დიდი ეკოლოგიური გაკვეთილი. 2026 წელს ჩერნობილი აღარ არის მხოლოდ "გაყინული" წარსულის ძეგლი, ის იქცა დინამიკურ, სახიფათო და ამავდროულად, ტექნოლოგიურად უნიკალურ ზონად, რომელიც ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

 

 

დღის ამბები