დამრღვევი მძღოლებისთვის კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა - დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულებიც შეუმცირდება. დეტალური ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ჯარიმა გაეზარდათ იმ მძღოლებს, რომლებიც ავტობუსის ზოლში დარღვევით გადაადგილდებიან.
ახალი რეგულაციების შესახებ მძღოლებმა უკვე კარგად იციან. ამბობენ, რომ გამკაცრებული მიდგომა დარღვევებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა მთავარი მაინც თვითშეგნებაა, რომ საგზაო მოძრაობის წესები არავინ უნდა დაარღვიოს.
რატომ გახდა საჭირო დამრღვევი მძღოლებისთვის კანონის გამკაცრება - ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკით უპასუხა. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ქვეყანაში 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 191 კი მძიმედ დაშავდა.
კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის ზრდამაც შეუწყო ხელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზარდი მობილობა საგზაო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა.
ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა საკომიტეტო განხილვები გაიარა, საბოლოოდ კი საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.