06 ივნისი 2026,   13:20
ვრცლად
ეს აგენტურული ძალები ცდას არ აკლებენ როგორღაც დააზარალონ თავიანთი ქმედებით ხელისუფლება, თუმცა, ჩვენს ხელისუფლებას ყველაზე დიდი და მყარი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისაგან, რაც ყველაზე მთავარია - სოსიაშვილი NGO-ების განცხადებაზე

ენჯეოები საქართველოს წინააღმდეგ - არასამთავრობოები ამჯერად, ხელისუფლების მხრიდან, ორმაგი სტანდარტისა და არასამართლიანი მოპყრობის კრიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" და "თბილისი პრაიდი" - ეს იმ ორგანიზაციების ნაწილია, რომლებიც საერთო განცხადებას ხელს აწერენ. ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული სხვა ენჯეო ლიდერები, მიმართვაში, აქცენტს ამერიკის შეერთებულ შტატებზეც აკეთებენ, ეს მაშინ, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვა აქტიურად მიმდინარეობს.

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, სწორედ ეს ადამიანები არიან წლების განმავლობაში რევოლუციური სცენარების მომზადებაში და განხორციელებაში ჩართულები. დღეს კი ისინი ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე საუბრობენ.

სოსიაშვილის თქმით, ეს ძალები ცდას არ აკლებენ როგორღაც დააზარალონ თავიანთი ქმედებით ხელისუფლება, თუმცა, სწორედ ამ ხელისუფლებას, ყველაზე დიდი და მყარი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისაგან:

"ადამიანები, რომლებიც წლებია რევოლუციური სცენარების მომზადებაში და განხორციელებაში არიან ჩართულები, დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფოს ჩამოშლაზე იყვნენ ორიენტირებული, არაერთხელ დაასმინეს საკუთარი ქვეყანა და ყველაფერი იკადრეს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირი გამოეთხარათ, დღეს ესენი საუბრობენ ჩვენი ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. ეს აგენტურული ძალები ცდას არ აკლებენ როგორღაც დააზარალონ თავიანთი ქმედებით ხელისუფლება, თუმცა, ჩვენს ხელისუფლებას ყველაზე დიდი და მყარი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისაგან, რაც ყველაზე მთავარია. ეს მხარდაჭერა გვაძლევს იმის გარანტიას და იმის ბიძგს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაზე. ასეთი აგენტურული ქალების გამოხტომები და მათი ცილისწამება, ბუნებრივია, არაფერს იძლევა საზოგადოებისათვის,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები