ენჯეოები საქართველოს წინააღმდეგ - არასამთავრობოები ამჯერად, ხელისუფლების მხრიდან, ორმაგი სტანდარტისა და არასამართლიანი მოპყრობის კრიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნათელია - თუ რა ინტერესები ამოძრავებთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ქადაგიშვილის თქმით, ისინი ევროკავშირის იდეით სპეკულირებენ და მეტი არაფერი:
"ამ პარტიების და ეგეთი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, მაშინვე დროში ზუსტად ემთხვევა, თუ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ახალი კამპანია იქნება ხოლმე წამოწყებული. ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გამოსწორების და ურთიერთობის დალაგების პროცესი დაიწყო და როგორი გააფთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა ამას. აქ ხომ ყველაფერი ნათელია - თუ რა ინტერესები ამოძრავებთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, ვინც დღე და ღამე მოითხოვდნენ იმას, რომ საქართველოსთვის ხან სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი არ მიეცათ, ხან კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ა.შ. მათი მიზნები აბსოლუტურად სხვა არის, სპეკულირებენ ევროკავშირის იდეით და მეტი არაფერი,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" და "თბილისი პრაიდი" - ეს იმ ორგანიზაციების ნაწილია, რომლებიც საერთო განცხადებას ხელს აწერენ. ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული სხვა ენჯეო ლიდერები, მიმართვაში, აქცენტს ამერიკის შეერთებულ შტატებზეც აკეთებენ, ეს მაშინ, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვა აქტიურად მიმდინარეობს.