10 ივნისი 2026,   10:58
ვრცლად
სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანისა საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ერთობლივი მხარდაჭერა - მაკა ბოჭორიშვილი

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ სტამბოლში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საზეიმო ღონისძიების დასკვნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოების წინაშე გორის ქალთა კამერული გუნდი წარსდგა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ჰიმნებიც.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ სამმხრივმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ერთობლივი მხარდაჭერა.

"სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანისა საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა. ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ.

ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო, საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ისტორიული ძეგლი, ბაზილიკა ცისტერნა, შესანიშნავ გარემოს ქმნის დღევანდელი დღის აღსანიშნავად, რადგან ის თავის თავში აერთიანებს ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე თანამშრომლობის იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონს აერთიანებს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის, ალექსანდრე ჯიშკარიანის განცხადებით, ღონისძიების გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო 2026 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

"ღონისძიების გამართვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო 2026 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. აღნიშნული ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს სტამბოლში. კიდევე ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა ეზიარონ ქართულ კულტურას", - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

 

დღის ამბები