18 ივნისი 2026,   03:13
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ბატონი ჯო ვილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას

აშშ-ის კონგრესმენის, ჯო ვილსონის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას უშლის ხელს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი Live“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე პარტნიორებთან ურთიერთობის ახალი ჩარჩოს შექმნის პროცესში გულწრფელობასა და ურთიერთპატივისცემას ელოდება.

„ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვესაუბრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე, ახალი ურთიერთობების ჩარჩოს შექმნაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ისინი არიან გულწრფელები და ნამდვილად გულისხმობენ იმას, რასაც საუბრობენ ჩვენთან შეხვედრებისას; რომ ჩვენ გვსურს, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები იყოს ჯანსაღი, იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და იყოს შინაარსიანი, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო.“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესმენის ქმედებები აზიანებს ამ პოზიტიურ მოლოდინებს, რადგან მისი მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა ყოველგვარ რეალურ საფუძველსაა მოკლებული.

„ამას ნამდვილად ხელს უშლის მსგავსი განცხადებები და მსგავსი ნაბიჯები, რასაც აკეთებს ბატონი ჯო ვილსონი. ის მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. მას რომ ჰკითხოთ, ვერანაირ ფაქტს ვერ მოგიტანთ და ვერაფერს დაამტკიცებს გარდა საქართველოს ხელისუფლების პროქართულობისა. თუმცა ამას მუდმივად წერს. სამწუხაროა, რომ ის არის ერთადერთი, ხშირ შემთხვევაში აქტიური ხმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ისმის საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად არ ეხმარება ამ პროცესს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები