საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ არსებულ განსხვავებულ მიდგომებსა და ევროკავშირის შიგნით თანასწორუფლებიანობის პრინციპის ცვლილებაზე ისაუბრა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები საერთოდ არ დაწყებულა, ამასთან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აჩენს კითხვებს მისი თანმიმდევრულობის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კანდიდატი ქვეყნების ნაწილი წლებია მოლაპარაკებების პროცესშია.
„საქართველოსთან საერთოდ საუბარიც არავის დაუწყია. თქვენ იცით, რომ დაანონსდა უკრაინის და მოლდოვის მოლაპარაკებების გახსნა, პირველი კლასტერების. საქართველოსთან ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ, რომ საუბარი დაიწყონ ზოგადად გაფართოების საკითხზე. იმ ქვეყნებს რომ შევხედოთ ვისთანაც წლებია და ათწლეულებია უკვე მოლაპარაკებების პროცესი მიდის, ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენია გაფართოების პოლიტიკის ნამდვილობა და სერიოზულობა, თუნდაც თურქეთის კანდიდატობა და ამ პოლიტიკის ნაწილად წარმოდგენა იმ პირობებში. ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო თურქეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად რაიმე უფლების გარეშე ან შეზღუდული უფლებებით. არამხოლოდ თურქეთი, ძნელად წარმომიდგენია დასავლეთ ბალკანეთის ბევრი ქვეყანაც. მოლდოვაზე ცოტა გამიჭირდება თავის დადება მაშინ, როდესაც მოლდოვა მზად არის განიხილოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში მისი მომავალი. აქ რთულია ისაუბრო სუვერენული უფლებების სიმტკიცეზე და ამ სურვილზე მის ხელისუფლებაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც, მისი თქმით, სულ უფრო სადავო ხდება, ეს კი დამატებით გაურკვევლობას ქმნის როგორც კანდიდატი ქვეყნების, ისე თავად ევროკავშირის მომავლისთვის.
„ეს არის კავშირი, რომელსაც უნდა აერთიანებდეს საერთო ინტერესები და ვის საერთო ინტერესებზე ვსაუბრობთ მაშინ, თუკი ვიღაცის ინტერესი მიუღებელია კავშირისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ აქ საერთო ინტერესები, თანასწორუფლებიანობა და ზოგადად თანასწორი მიდგომები ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუკი არ შეიძლება რომ უნგრეთს რაღაც დროს, რაღაც დროს სლოვაკეთს, ან ბულგარეთს ან ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდეს საკუთარი უფლება, რომ გააჟღეროს პოზიცია და გავლენა მოახდინოს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს ჯერჯერობით ასე ვთქვათ, განხილვის საგანია. ეს როგორ აისახება თავად გაფართოების პროცესში ამას დრო გვაჩვენებს, რამდენად წამოვლენ ამ შეთავაზებაზე თუნდაც კანდიდატი ქვეყნები, რამდენად მისაღები იქნება მათთვის. თუმცა უკვე ხმამაღლა ამაზე საუბარიც ბევრ რამეზე მიანიშნებს, თუ რამდენად შეცვლილია უკვე ევროკავშირის არსი და ევროკავშირის დამოკიდებულება თუნდაც თანასწორუფლებიანობასთან,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.