18 ივნისი 2026,   03:13
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე: ეს დოკუმენტები ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და რეპუტაცია შელახონ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები ძალის არმქონეა, ქართული მხარე მათ სრულიად იგნორირებას ვერ მოახდენს, რადგან ამ დოკუმენტებით ყალიბდება გარკვეული ნარატივები, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას ისახავს მიზნად.

"რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. როდესაც ეს რეზოლუცია და ანგარიში დამტკიცდა ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტზე, მაშინ გაკეთდა ჩვენი განცხადება. გარკვეული ყურადღება დავუთმეთ მათ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. თავად ევროპელი პოლიტიკოსების და ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად, ჩვენ სრულიად იგნორირებას მათ დოკუმენტებს ვერ გავუკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები აისახება, გარკვეული ნარატივი ყალიბდება. ეს არის სრულიად ტყუილზე, სრულიად ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს თავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე რამდენი წელიწადია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეომიმართვას ევროკავშირის გაფართოების საკითხზე.

"ქალბატონ რასას სჩვევია ღიად რაღაცების თქმა, რაც ნათელს ჰფენს მთლიანად დამოკიდებულებას ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რისთვის იყო 2022 წელს გააქტიურებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. დღევანდელი პროცესი კიდევ უფრო აშკარად აჩვენებს, თუ რამდენად ჰქონდა ინსტრუმენტის ხასიათი 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შეთავაზებას ომში მყოფი უკრაინისათვის და სხვა ქვეყნებისათვის ჩვენს რეგიონში. 2022 წლამდე იყო პერიოდი, როცა ევროკომისიამ საერთოდ გაფართოების პორტფელი ამოიღო კომისიის მანდატიდან და გაფართოების კომისარიც არ ჰყავდათ. ასეთი კომისიაც არსებობდა გასულ წლებში. არ იყო აქტუალური და ომის შემდგომ გახდა აქტუალური ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ომი იყო საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირი დაფიქრებულიყო გეოპოლიტიკურ აუცილებლობაზე? რთული აღიარებებია ნამდვილად ქალბატონი რასას მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსთვის, როგორც იდეოლოგიური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირთან ჩვენი ისტორიიდან, კულტურიდან, იდენტობიდან გამომდინარე. ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არეალი თუ სივრცე, სადაც ვხედავთ ჩვენს თავს. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხი და ამ დროს სხვებისთვის ეს სხვაგვარი ინსტრუმენტი ყოფილა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები