19 ივნისი 2026,   13:34
ვრცლად
მათი მიზანია, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და სცადონ სხვის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანებმა გარე მმართველობა დაამყარონ ჩვენს ქვეყანაში - არჩილ გორდულაძე ახალ რეზოლუციაზე

თბილისში ისევ განხილვის თემაა ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.

მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.

მმართველი გუნდის შეფასებით, წლების განმავლობაში დოკუმენტების უცვლელი შინაარსი მიუთითებს, რომ რეზოლუციებზე სიღრმისეულად არავინ მუშაობს და მუდმივად ჩარჩო დოკუმენტის კოპირება ხდება.

"რეზოლუციებს საერთოდ ერთი თეთრის ფასიც კი არ აქვს. შეიძლება ერთი ევრო/ცენტის ფასიც კი არ აქვს. უკვე იმდენი გადაწყვეტილება და რეზოლუციაა მიღებული, რომ ამ გადაწყვეტილებების რაოდენობაც კი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარი ქმედითი მექანიზმი, საშუალება და ქმედითი ბუნება ამას არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენჯერ, ასეთი განცხადების გაკეთება მათ არ უწევდათ. მათ მიზანი არის, რომ საზოგადოებაში როგორმე მღელვარება გამოიწვიონ და ამ მღელვარების ფონზე სცადონ სხვის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანებმა გარე მმართველობა დაამყარონ ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება რეზოლუციის შინაარს, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რა წარსულიც არსებობდა ევროპის მასშტაბით 30-იან და 40-იან წლებში. თურმე, მხოლოდ გარკვეულ პირებს შეუძლიათ ჰქონდეთ გარკვეული პირობები, ხოლო სხვა დანარჩენები უნდა იყვნენ სეგრეგირებულები და ასევე, გარიყულები მთელი საზოგადოებისგან. არც ეს არ არის უცხო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის და ანგარიშის ავტორი არის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები