19 ივნისი 2026,   13:34
ვრცლად
რუმენ რადევი: რუსეთის წინააღმდეგ 21-ე სანქციების პაკეტის ზოგიერთი შეზღუდვა ბულგარეთისთვის მიუღებელია

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა მიუღებელია, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ეს განცხადება რადევმა ევროპული საბჭოს შეხვედრის კულუარებში გააკეთა, რის შესახებაც ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე ევროკავშირის სანქციების ახალი პროექტიდან ამოიღონ. ამასთან, ოფიციალური სოფია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული სანქციების ნაწილი, განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ სექტორში, ქვეყნისთვის საზიანოა.

"ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ დავუშვებთ ისეთ სანქციებს, რომლებიც ზიანს მიაყენებს ბულგარეთის ეკონომიკას. შემიძლია მივუთითო იმ რისკებზე, რომლებიც „ლუკოილის“ ფუნქციონირებას ემუქრება, ასევე დედაქალაქის მეტროსისტემისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და მთლიანად ევროკავშირისთვის გარკვეული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე", - განაცხადა რადევმა და დასძინა, რომ ყველა ეს საკითხი ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე დეტალურად უნდა განიხილონ.

რაც შეეხება უშუალოდ პატრიარქ კირილეს, რომლის სანქცირებასაც ევროკომისია გეგმავს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მის ამოღებას სიიდან ბოლომდე გაუწევს ორგანიზებას.

„მე თავად პატრიარქი კირილე კი არ მაინტერესებს, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რადგან მან წვლილი შეიტანა ოსმალეთის ხუთასწლოვანი მონობისგან ჩვენს გათავისუფლებაში. მე მაინტერესებს მთელი რუსული საზოგადოება, რომელსაც ეს ეკლესია აქვს. ის აღმოსავლეთ მართლმადიდებლურია, ისევე როგორც ჩვენი, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ", - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოფია ოფიციალურად მოითხოვს პატრიარქის სანქციების პაკეტიდან გამორიცხვას.

დღის ამბები