საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი ორმხრივ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პერსპექტივებს, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ.