საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, რომელსაც ირაკლი კობახიძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს.
მისი შეფასებით, არსებულ გამოწვევებზე პრემიერის ხედვა საინტერესო იქნება.
"დღეს არის ბევრი გამოწვევა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, საინტერესო იქნება პრემიერის ხედვები. როგორც ერთი წლის განმავლობაში, ასევე, სამომავლოდ, თუ რა ხედვა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც რეალურად საქართველო ატარებს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
რამდენიმე საათში საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. მთავრობის მეთაური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც - აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს. რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და NATO-ში ინტეგრაციაა დასახელებული. წარდგენილი დოკუმენტი მოიცავს გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს.