საანგარიშო პერიოდში, გაზიფიკაციის პროცესში, 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ჩაერთო გაზის მიწოდების ქსელში, რაც დაახლოებით 10 000 ოჯახს მოიცავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით აწარმოა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია, ოპტიმალური ღირებულებით.
"გრძელდებოდა გაზიფიკაციის პროცესი. გაზის მიწოდების ქსელში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩაერთო 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 10 000 აბონენტს მოიცავს, 10 000 ოჯახს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს პრინციპული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდი წარმატებით დაასრულა ეკონომიკის სამინისტრომ - ჩვენ მივიღეთ 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გარანტია, მოცულობის გარანტია ოპტიმალური სათანადო ფასით.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მოლაპარაკებებისა და მიღწეული შედეგისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.