ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანა სამაშველო ჯგუფებს აგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეერთებული შტატები ელიტარულ სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 150 მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს. გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო ძალები, რეგიონში დახმარების ოპერაციების მხარდასაჭერად დანაყოფებს აგზავნიან, მათ შორის არის დესანტის სატრანსპორტო გემი USS Fort Lauderdale-ი და სატრანსპორტო ავიაცია.
ამასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კოორდინაციას უწევს ქალაქში სამძებრო-სამაშველო ჯგუფების განლაგებას.
მეზობელმა კოლუმბიამ განაცხადა, რომ ქვეყანას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ასევე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად, 60-ზე მეტ მაშველს და ოთხ ძაღლს გაგზავნის.
როგორც მედია იტყობინება, სალვადორმა 300 მაშველისა და პარამედიკოსებისგან შემდგარი კონტინგენტი გაგზავნა, ხოლო მთავრობამ განაცხადა, რომ 50 მეტრიკული ტონა ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს მედიკამენტებს და პირველადი აუცილებლობის ნივთებს.
ესპანეთი ვენესუელაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის, გამოყოფს დაფინანსებას და განათავსებს საველე ჰოსპიტალს. სამხედრო თვითმფრინავი ასევე გადაიყვანს 57 სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელს და 40 მეხანძრეს.
ჩილემ ვენესუელაში სახანძრო სამსახურის სპეციალიზებული დანაყოფი, USAR-ი (ურბანული ძებნა-გადარჩენა) დანაყოფი გაგზავნა.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ კუბელი სამედიცინო პერსონალი "აქტიურად მონაწილეობს დაზარალებულთა დახმარების გაწევაში".
დომინიკის რესპუბლიკამ ქვეყანაში სპეციალიზებული პერსონალი და შესაბამისი საჭიროების ტვირთები გაგზავნა.
პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ, სამაშველო მისიისა და ეროვნული სამოქალაქო დაცვის სისტემის პერსონალის გაგზავნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნა შემოწირულებების შეგროვების პუნქტები და პანამელები საჭირო ნივთების გაღებას ცდილობენ.
მედიის ინფორმაციით, მექსიკამ ვენესუელაში საჰაერო ძალების ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი და 261 ჯარისკაცი გაგზავნა. კონტინგენტში შედიან ექიმები, ექთნები და სამძებრო-სამაშველო ჯგუფები. ხელისუფლების ცნობით, მისია 4.4 ტონა აღჭურვილობას და 2.7 ტონა სამედიცინო მარაგს ჩაიტანს. მოსალოდნელია, რომ ცალკე C-130 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავი გაემგზავრება, დამატებით რვა ტონა სამედიცინო მარაგით და ოთხი ტონა სამაშველო მასალით.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო რაზმს, სამედიცინო ჯგუფებს, ინჟინრებს და ძაღლებს აგზავნის, რათა დანგრეული შენობებიდან გადარჩენილი მოქალაქეების გამოყვანა უზრუნველყონ.
რომის პაპმა ლეომ, ვენესუელაში 100 000 ევროს (დაახლოებით 113 700 აშშ დოლარი) ღირებულების საწყისი დახმარების პაკეტი გაგზავნა.
უკვე გზაშია იაპონური არასამთავრობო ორგანიზაცია Peace Winds-ი, რომელიც კრიზისით დაზარალებულ რაიონებს საგანგებო ჰუმანიტარულ დახმარებას, კატასტროფების შედეგების აღმოფხვრას და აღდგენის მხარდაჭერას უწევს.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ დახმარების მობილიზებისთვის „მზადაა“, თუ ამის მოთხოვნა გაიგზავნება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ მზად არიან სამაშველო ოპერაციებში დახმარებისთვის.
ჩინეთმა, რომელსაც ვენესუელასთან მჭიდრო კავშირები აქვს, განაცხადა, რომ მზადაა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების გასაწევად.
როგორც CNN-ი წერს, სამაშველო სამუშაოებში სხვადასხვა ორგანიზაციები და სამოქალაქო მოხალისეებიც ჩაერთნენ.