მსოფლიომ 2016 წლის დადგომა იზეიმა. 2015 წლის უკანასკნელი წამები ნიუ იორკის ცენტრში მილიონზე მეტმა ადამიანმა ერთდროულად აითვალა. ახალი წლის დადგომისთანავე კი ტაიმს სკვერზე 6 ტონიანი ბროლის ბურთი დაუშვეს, რომელსაც მიმდებარე შენობების სახურავებიდან ფერადი ქაღალდების წვიმა მოჰყვა.
მასშტაბური ფოიერვერკით წელსაც ბრაზილია გამოირჩეოდა. რიო დე ჟანეიროს სანაპიროზე გამართული შოუ მთლიანად ოლიმპიურ თამაშებს მიუძღვნეს, რომელსაც ქვეყანა აგვისტოში უმასპინძლებს.
მასშტაბური ხანძრის გამო დუბაიში ახალი წლის ღონისძიებების ჩაშლის საფრთხე შეიქმნა. ხანძარი ცერემონიის ეპიცენტრის, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის მახლობლად მდებარე 63 სართულიან სასტუმროში გაჩნდა. მსუბუქად დაშავდა 14 ადამიანი, თუმცა შენობიდან ხალხის ევაკუაციისა და ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ ორგანიზატორებმა ბურჯ ხალიფას მიმდებარე ტერიტორიიდან დიდი რაოდენობით პიროტექნიკა მაინც გაუშვეს.
მილიონამდე ადამიანი შეხვდა ახალ წელს ღია ცის ქვეშ გერმანიაშიც. ლონდონში შთამბეჭდავი სანახაობა კი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც ბიგ ბენმა ღამის 12 საათი უჩვენა.
ტერაქტების საფრთხის გამო წელს საფრანგეთში ფოიერვერკების ტრადიციული შოუ ტრიუმფალურ თაღზე 5 წუთიანმა ვიდეო წარმოდგენამ ჩაანაცვლა.
ავტორები: ნინო დვალიშვილი, მალხაზ მეგრელიშვილი