საქართველოს პრეზიდენტმაც საახალწლო მილოცვა იმ ჯარისკაცებით დაიწყო, რომლებიც ქვეყნის გარეთ მსახურობენ. პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წელი თავისუფლების მოედნიდან მიულოცა.
"დღეს, როდესაც აქ თქვენთან ერთად, ქართული სიმღერის ფონზე ჩვენ ახალ წელს ვზეიმობთ, ვზეიმობთ ახალ, დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს და მომავალში ჩვენ ერთად გადავდგამთ ძალიან ძლიერ ნაბიჯებს იმ სიყვარულით, რასაც მე დღეს აქ თქვენგან ვგრძნობ, იმ ერთობით და ერთმანეთის გატანით, რასაც თქვენგან ვგრძნობ. მინდა გითხრათ, რომ ის დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, უნდა ვაქციოთ თავისუფლებად. თავისუფლება ნიშნავს ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, ისეთი ნიჭიერები, როგორებიც ვართ, ისეთი განსაკუთრებულები, როგორებიც ვართ. თავისუფლება ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ის შუღლი და შეცდომები, რომლებიც გვქონდა, თავისუფლება ნიშნავს გვიყვარდეს ერთმანეთი. თავისუფლება ნიშნავს გავხადოთ საქართველო ნამდვილად ისეთი, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და დღეს ჩვენ ამ ეპოქის, ამ ახალი ნაბიჯის დასაწყისს ვზეიმობთ. ძალიან მიყვარხართ. მიყვარს, რომ ერთად ვართ დღეს, მიყვარს, რომ ვზეიმობთ დღეს, მიყვარს, რომ ის განსაკუთრებული ნიჭიერება, რაც ჩვენშია, დღეს აქ ვლინდება. მთელ საქართველოს მინდა მოვულოცო.
სულ ნახევარი საათის წინ ვესაუბრე ჯარისკაცებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მინდა მათგან დავიწყო ეს მილოცვა, იმიტომ რომ ისინი იცავენ ჩვენ სახელმწიფოს. მე მინდა მივულოცო ჩვენ არაჩვეულებრივ თანამემამულეებსაც, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან - თქვენ განსაკუთრებით გვენატრებით და გვიყვარხართ. მინდა მივულოცო ასევე იმ თანამემამულეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან და ვუთხრა, რომ ჩვენ მომავალი ერთად გვაქვს. მინდა თქვენ მოგილოცოთ, ჩვენო მომავალო თაობავ, ის ვინც გადაიბარებს ამ ქვეყნის მართვას და წარმართავს მომავალს. დიდი სიყვარულით გილოცავთ. თქვენთან ერთად ვარ და მუდმივად თქვენთან ერთად ვიქნები. გილოცავთ ახალ წელს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი 2016–ის დადგომას კონცერტზე შეკრებილ მაყურებელთან ერთად ელოდა.
ათასობით მაყურებელი იყო შეკრებილი თავისუფლების მოედანზე, რომლებიც ახალ წელს ერთად შეხვდნენ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მასში ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. მიშა მდინარაძის საავტორო პროექტით მომზადებული კონცერტი ქართული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენდა.