2-დღიანი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა საქართველოს გზებზე - ამ დროისთვის თითქმის ყველა მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 20-160 კმ. მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი.
ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
გარკვეული შეზღუდვებია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის გარკვეულ მონაკვეთებზეც.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.