2-დღიანმა ინტენსიურმა თოვამ საქართველოს საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა.
გომბორის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 15 სანტიმერს გადააჭარბა, რის გამოც მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის შესაძლებელი.
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დღეს დილით აღდგა. გზის გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
3-დღიანი გადაუღებელი თოვის გამო ბათუმში პრობლემები საავტომობილო მოძრაობას შეექმნა. სამაშველო სამსახურში 100–ზე მეტი ზარი დაფიქსირდა და მძღოლები ძირითადად თოვლში ჩაფლული მანქანების გამოყვანაში დახმსარებას ითხოვენ. უკვე 20 წელია, ბათუმში ასეთი თოვლი არ მოსულა.
შეზღუდვებია დაწესებული გუდაური-კობის მონაკვეთზე.
გზების გარდა ძლიერმა თოვამ პრობლემა ელექტროენერგიის სადენებსაც შეუქმნა. ელექტროენერგიის გარეშე ათასამდე აბონენტია დარჩენილი ოზურგეთის რაიონში. დენის მიწოდების პრობლემაა ქობულეთში და ჩოხატაურის ერთ–ერთ სოფელშიც.
ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადებს გარკვეულ მონაკვეთებში მისვლა უჭირთ. ამ დროისთვის დენის მიწოდება მაღალმთიანი აჭარის სოფლებშია აღდგენილი.
სინოპტიკოსები თოვის შემცირებას უახლოს დღეებში ვარაუდობენ. თუმცა, მათი ინფორმაციით, 3 იანვრიდან საქართველოში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.
საქართველოში ტემპერატურის მომატებას სინოპტიკოსები 5 იანვრიდან ელოდებიან.
ავტორი: თათია ხორბალაძე