23 წლის ფიქირათ ახმედოვი დღეს სოფელ ფონიჭალაში დაკრძალეს. ახალგაზრდა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, თავდასხმიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, ახმედოვი თანასოფლელმა მოკლა. პოლიცია რამინ ისაევს ეძებს, რომელმაც, კურიერის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარი ინციდენტის დღეს ე.წ. წითელი ხიდიდან გადაკვეთა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მისივე თანასოფლელმა რელიგიურ ნიადაგზე მოკლა. მკვლელობას წინ ე.წ. ვაჰაბიტ მუსლიმებისა და სოფლის რელიგიურ უმრავლესობას – ტრადიციული ისლამის მიმდევრებს, შორის დაპირისპირება უძღოდა.
23 წლის ფიქირათ ახმედოვს, ადგილობრივების ცნობით, რადიკალური ისლამის მიმდევრებმა პასუხი იმ ინფორმაციის გამო მოსთხოვეს, რომელიც მედიასაშუალებით გაშუქდა. ინტერვიუში ახმედოვი ამბობდა, რომ სოფელში ეწ ვაჰაბიტები ერთერთი სახლის სარდაფში იკრიბებოდნენ.
მოკლულის ახლობლების ცნობით, ფიქირათ ახმედოვს სასიკვდილოდ ამ სიტყვების გამო გაუსწორდნენ.
სოფელში ამბობენ, რომ რადიკალური ისლამის მიმდევრების სამლოცველოს დახურვისა და გაუქმების მოთხოვნით ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას არაერთხელ მიმართეს. რამდენჯერმე შეაგროვეს ხელწერილებიც, რომელიც ამ დრომდე უპასუხოა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი