03 ივლისი 2026,   21:52
ვრცლად
"სომხეთის პრეზიდენტის ჩასვლასა და ყაველაშვილის ვიზიტს შორის დიდი განსხვავებაა" - ლაშა ფარულავა

საქართველოს პრეზიდენტი თეირანში იმყოფება, სადაც ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. თეირანში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩასული, მათ შორის მთავრობების მეთაურები და პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და სპეციალური წარმომადგენლები.

მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიას რეგიონის ლიდერებთან თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებთან ერთად ესწრება, თუმცა თბილისში ოპოზიცია მხოლოდ ყაველაშვილს აკრიტიკებს და არაფერს ამბობს, რატომ არის პრობლემა საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლა და არა ნიკოლ ფაშინიანისა და სხვა ლიდერების იქ ყოფნა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ სომხეთის პრეზიდენტის ჩასვლა და ყაველაშვილის ვიზიტს შორის დიდი განსხვავებაა. 

"სასტიკი, ბნელი რეჟიმი მართავს ირანს და ირანელ ხალხს არ აძლევს თავისუფლების შესაძლებლობას. სომხეთის პრეზიდენტის ჩასვლასა და ყაველაშვილის ვიზიტს შორის დიდი განსხვავებაა," - აცხადებს ლაშა ფარულავა.  

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ სხვა ლიდერები თავიანთი ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას ატარებენ. 

"სხვა ლიდერები თუ ჩადიან, მათ ნამდვილად აქვთ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა თავიანთი ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისი. ანუ, ისინი წარმატებით საუბრობენ ყველა ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი მუდმივი პარტნიორები, მოკავშირეები, მეგობრები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები. და როდესაც, ამ ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის ხარჯზე ხდება კომპენსირება იმ ქვეყნებთან ურთიერთობებით, რომლებსაც თავად აქვთ დასავლეთის ქვეყნების სამყაროსთან პრობლემები, ეს არის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის," - აცხადებს ლანა გალდავა.  

 

 

დღის ამბები