საქართველოს პრეზიდენტის თეირანში ჩასვლას, სადაც ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ოპოზიცის კრიტიკას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება.
მაჭავარიანი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა არის პრიორიტეტული და ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.
"ფართო რეგიონში, ირანი ჩვენი მეზობელია, ბატონი ყაველაშვილი ჩავიდა, ისევე, როგორც ჩავიდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები, იგივე სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ამაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ლოგიკურია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პრიორიტეტული და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ჩვენი მხრიდან და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გაწერილი იქნება ორივე მხარის ინტერესები," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი თეირანში იმყოფება, სადაც ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. თეირანში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩასული, მათ შორის მთავრობების მეთაურები და პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და სპეციალური წარმომადგენლები.
მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიას რეგიონის ლიდერებთან - თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებთან ერთად ესწრება, თუმცა თბილისში ოპოზიცია მხოლოდ ყაველაშვილს აკრიტიკებს და არაფერს ამბობს, რატომ არის პრობლემა საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლა და არა ნიკოლ ფაშინიანისა და სხვა ლიდერების იქ ყოფნა.