გადაუღებელი თოვისა და ყინვის გამო პრობლემებია თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში. აქ ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, მუნიციპალურ ცენტრებში კი ნახევარ მეტრს.
მძიმე მდგომარეობა რჩება ბათუმსა და გურიაში, ბათუმში შიდა გზებზე გადაადგილებას მოსახლეობა ავტომობილების გარდა უკვე ფეხითაც ვეღარ ახერხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიის სამსახურები არასრულყოფილად მუშაობენ. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ბათუმის ნავსადგურში. ოთხბალიანი შტორმის გამო, მეოთხე დღეა გემები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.
გარდა ამისა ჩამონგრეულია ბათუმის წიგნის მაღაზიის ფასადი და საწყობის სახურავი, რის გამოც 1000-ზე მეტი წიგნია გაფუჭებული. ასევე ჩამოინგრა ახლადაშენებული რაგბის მოედნის სახურავის ნაწილი.
რეგიონებში შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, სამაშველო ჯგუფები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ენერგო პრო ჯორჯიაც.
ჩაკეტილი გზების გამო, მაღალმთიან რეგიონებში სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს მუშაობა შეფერხებით უწევთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შუაღამისას აღდგება.
სინოპტიკოსები კვირის ბოლომდე ძლიერ ყინვებს ვარაუდობენ.