ოთხდღიანი გადაუღებელი თოვის შემდეგ ბათუმში მოსახლეობა ზარალის დათვლას ჯერ ისევ ვერ ახერხებს. ადგილობრივები დიდთოვლობის გამო შიდა გზებზე ფეხით გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ. ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება ქობულეთის 7 სოფელს.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმის პორტში. მეოთხე დღეა ძლიერი შტორმის გამო გემები ნავსადგურში არიან გაჩერებული. უხვ ნალექს ვერც ახლადაშენებულმა რაგბის მოედანმა გაუძლო, სტადიონის სახურავის დიდი ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.
დიდთოვლობაა გურიაშიც. ვერ ხერხდება გზების გაწმენდა. დღის ბოლოს კი ნალექს ნგრევაც მოჰყვა. თოვლმა საავადმყოფოს ყოფილი შენობა და სკვერში მდებარე ავტორბოლის ატრაქციონი დააზიანა.
უამინდობის გამო პარალიზებულია ქუთაისის აეროპორტი. ამ დრომდე თითქმის ყველა რეისი გადადებულია.
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სამეგრელოს რეგიონის ნაწილი. დიდთოვლობამ ზუგდიდის რაიონშიც სერიოზული პრობლემები შექმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა ენერგო სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს.
უამინდობის და უხვი ნალექის გამო შეზღუდვები რჩება გზებზე. უღელტეხილებზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.