ურთიერთბრალდებებისა და პრეტენზიების მიუხედავად, ოლიმპის სტადიონის ნაცვლად მასშტაბური კომპლექსი მაინც განთავსდება.
სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის მერია შესაბამის ნებართვას გასცემს. არქიტექტურის სამსახურში მოთხოვნა უკვე შესულია.
სტადიონის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მოსალოდნელი დაწყება დღეს ყოფილმა და მოქმედმა სპორტსმენებმა თბილისის მერიასთან გააპროტესტეს.
ისინი მთავრობისგან ალტერნატიული საფეხბურთო მოედნისთვის საჭირო ტერიტორიის გამოყოფას ითხოვდნენ.
პოლიტკოვსკაიას ქუჩის 10 ნომერში არსებული სტადიონის ტერიტორიის გასხვისებაში თბილისის მერი დედაქალაქის წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. დავით ნარმანიას განცხადებით, მშენებლობის შესახებ ნებართვა მისი მერობის პერიოდში არ გაცემულა.
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე კი აცხადებს, რომ 2014 წელს მთავრობამ ნებართვა ჯიქიას ქუჩაზე მხოლოდ განაშენიანების გენერალური გეგმის შესახებ გასცა, რომელშიც ცვლილებები ირაკლი აბესაძის თქმით, მოქმედმა მთავრობამ შეიტანა.
ავტორი:ეკო მაღრაძე