14 ივლისი 2026,   18:50
ვრცლად
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

უკვე აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეფერხებებია ელექტრომომარაგების პროცესში.

კვლავ გადაკეტილია ვარდოშვილის ქუჩა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტების დასკვნა გახდება ცნობილი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. სამუშაოები დაიწყება სოფლებშიც, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა ნაკვეთები დატბორა.  

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი აღდგენილია, პრობლემა რჩება სოფლის ხევები. 

"კავკასიონის ქუჩისა და სეხნიაშვილის ქუჩის კვეთაზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. თუმცა, გაწმენდითი სამუშაოები დაგეგმილია მთლიანად 13 კილომეტრიან მონაკვეთზე თელავის ხევის. შემდგომ, რა თქმა უნდა, დაგეგმილია პროექტირება და რეაბილიტაცია აღნიშნული ხევის, სათავე ნაგებობიდან ალაზნის შესართავამდე. ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი აღდგენილია, პრობლემა რჩება სოფლის ხევები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის უკან სტიქია მოხდა მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პრიორიტეტი გაკეთდა თელავის ხევზე, ვინაიდან, ეს ქმნიდა მოსახლეობისთვის საშიშროებას. ხევები უქმნიდა საშიშროებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტის მეორე ეტაპი იყო. დღეს, მობილიზებული იქნება კისისხევში, შალაურის ხევში და კურდღელაურის ხევში მძიმე ტექნიკა, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები," - აცხადებს პლატონ კალმახელიძე.

 

დღის ამბები