მეტრო დელისთან პიროვნების გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 66 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა და ის არ გაყინულა. მათი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება გუშინ 14:00 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია გამოცხადდა. მათ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე და შვილი მივიდნენ. ისინი მამაკაცის გარდაცვალებას გულის შეტევას უკავშირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ვინაიდან ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია და ექსპერტიზაზეც უარს აცხადებენ, გამოძიება არ დაწყებულა.
კომენტარი ამ ფაქტზე გააკეთეს ჯანდაცვის სამინსიტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი არც სოციალურად დაუცველთა სიებში ფიქსირდება.
„გარდაცვლილის ოჯახს არასდროს მოუმართავს სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთვის, შესაბამისად ეს ოჯახი არ არის ჩვენს ბაზაში რეგისტრირებული. არც დეკლარაცია მათი არასდროს შევსებულა და არც ოჯახს რაიმე სახის დახმარების მისაღებად არასდროს მოუმართავს სააგენტოსთვის,“ - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტატა გამყრელიძემ.