350 მოზარდი გაურკვეველი დროით სტადიონის გარეშეა დარჩენილი. ოლიმპის სტადიონზე, სადაც ბავშვები ვარჯიშობდნენ უკვე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
საფეხბურთო სკოლის დემონტაჟის შემდეგ ყოფილ ჯიქიას ქუჩაზე ესტონური კომპანია საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
კომპანიის წამომადგენლები აცხადებენ, რომ მაღალსართულიანი ბინების მშენებლობისთვის მათ კანონიერი უფლება აქვთ.
მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ ის დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე განაშენიანების გეგმას 2014 წლის მარტში თბილისის წინა მთავრობის წევრები აწერენ ხელს. თბილისის მერი ამის გამო მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის.
მერის განცხადებას ბრალდებების ადრესატიც გამოეხმაურა. დოკუმენტზე ირაკლი აბესაძის ხელმოწერაა. ის აცხადებს, რომ განაშენიანების გეგმის გაუქმება, თუკი თბილისის მერი მას არ ეთანხმებოდა თავისუფლად შეეძლო.
ტერიტორიაზე დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები და სკოლის აღსაზრდელთა მშობლები შეიკრიბნენ, ისინი კომპლექსის დანგრევას აპროტესტებენ.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, რეზო დიდბერაშვილი, ლიანა გოგიშვილი.